Thursday, May 7, 2015

ახალი ძრავი „აუდის“ ახალი A4-თვის

Next Audi A4 to Use a New, Cleaner 2.0-litre TFSI Petrol Engine
7 მაისი
საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვში მავნე მინარევების შესამცირებლად, ავტომწარმოებლები ავტომობილების წონის შემცირების გარდა, სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ ტურბო კომპრესორებს და საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემას. მაგრამ „აუდი“ კიდევ უფრო შორს წავიდა და თავისი უახლესი, 2.0-ლიტრიანი ძრავისთვის მივიწყებული მეთოდი, ეგრეთ წოდებული მილერის ციკლი გამოიყენა.
ახალი ოთხცილინდრიანი ძრავის მუშა მოცულობა 1 984 კუბური სანტიმეტრია. მას ტურბო კომპრესორი და უშუალო შეფრქვევის სისტემა ემსახურება. ძრავის სიმძლავრე 190 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 320 ნიუტონმეტრი, რასაც აგრეგატი 1450-4400 ბრ/წთ დიაპაზონში იძლევა. ამ ძრავს ინგოლშტადტელები პირველად ახალ A4-ზე გამოიყენებენ, რომელიც ასი კილომეტრის გასავლელად 5.0 ლიტრზე ნაკლებ ბენზინს იმყოფინებს.
მილერის ციკლის ძრავებს ხშირად ხუთტაქტიანებსაც უწოდებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ შეკუმშვის პროცესი ორ ნაწილად არის გაყოფილი. საწყისი ნაწილის დროს, შემშვები სარქველი ღიად უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე ოტოს ციკლის ძრავებში. მეორე ნაწილში კი სარქველი იხურება. ატმოსფერული ძრავების შემთხვევაში, მილერის ციკლის გამოყენება გართულებულია, რადგან შეკუმშვის პროცესის დასაწყისში, დგუში ჰაერის და საწვავის ნარევის ნაწილს გარეთ გამოდევნის. მაგრამ კომპრესორის დახმარებით მიწოდებული ჰაერის და მაღალი წნევით შეფრქვეული საწვავის გამოდევნა პრაქტიკულად არ ხდება.
ძრავი 140 კილოგრამს იწონის, რაც ტურბო აგრეგატისთვის ბევრი არაა. მასში გამოყენებულია ძალიან დაბალი სიბლანტის ზეთი (0W-20), რაც კიდევ უფრო ამცირებს დეტალებს შორის ხახუნს და შესაბამისად, ზრდის მარგი ქმედების კოეფიციენტს.
ახალი ძრავით აღჭურვილი ახალი A4-ის პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.

No comments:

Post a Comment