Saturday, April 11, 2015

„რეინჯ როვერ სპორტ HST“ - შეზღუდული ტირაჟით

2016 Range Rover Sport HST Limited Edition
11 აპრილი
ახლანდელი „რეინჯ როვერ სპორტი“ ისედაც სწრაფი და მძლავრი ავტომობილია და უფრო სწრაფი ვერსია SVR აქვს, რომელსაც ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი, უგზოობის ავტომობილებისთვის სარეკორდო დროში (8:14) აქვს გავლილი. მაგრამ „იაგუარ ლენდ როვერისთვის“ ესეც არაა საკმარისი და ამის დასტურად, კომპანიამ კიდევ ერთი გამორჩეული ვერსია, HST შეიმუშავა.
ეს ვერსია SVR-ს სიმძლავრით ვერ შეედრება, რადგან ის მექანიკურდამჭირხნიანი 3.0-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 380 ცხენის ძალაა. SVR-ს კი მამოძრავებელ ძალას 5.0-ლიტრიანი V8 ანიჭებს, რომელიც ასევე მექანიკური დამჭირხნითაა აღჭურვილი და 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაგრამ სამაგიეროდ, HST-ის ეს ძრავი, „იაგუარ ლენდ როვერის“ ყველაზე მძლავრი V6 აგრეგატია.
მეორეც, ამ შემთხვევაში აქცენტი ავტომობილის გარეგნულ და მართვის სრულყოფაზე გაკეთდა. მეორე თვისების გასაუმჯობესებლად, დაიხვეწა „რეინჯ სპორტის“ დაკიდების სისტემა, რომელიც ბორბლებსა და შასის შორის უფრო მკვეთრსა და ზუსტ კავშირს უზრუნველყოფს.
რაც შეეხება გარეგნულ თავისებურებებს, ვერსია HST-ს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, მისი შავი ფერის ზედა ნაწილია (საყრდენების და სახურავის ჩათვლით). გარდა ამისა, დამუქებულია წინა და უკანა ფარები, რომლებიც ამასთან არც სხვა მანქანებისგან გამოცემულ შუქს ირეკლავენ. ამ ავტომობილს ალუმინის 21-დუიმიანი ბორბლებიც გამოარჩევს. ბორბლები მუქი რუხი ფერისაა, რომლების წკირებს შორისაც კარგად ჩანს წითელი ფერის მუხრუჭები. იგივე ფერისაა რადიატორის ცხაური.
სიახლეებია სალონშიც, რომელიც მარკა ოქსფორდის ტყავით გააწყვეს. ტყავის ფერი შავი და წითელია. გასაფორმებლად ასევე შავად შეღებილი ხე და ალუმინი გამოიყენეს. სატერფულები სპორტული სტილისაა.
ვერსია HST შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და მას უპირატესად ამერიკელ, ჩინელ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მყიდველს შესთავაზებენ.

No comments:

Post a Comment