Thursday, April 9, 2015

„მაკლარენი“ ალონსოს ბოლო გუნდია

Alonso will retire after McLaren stint
9 აპრილი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ „მაკლარენი“ მისი ბოლო გუნდი იქნება და იქიდან წამოსვლასთან ერთად, ფორმულა ერთში თავის კარიერასაც დაასრულებს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ახლა 33 წლისაა. ფ1-ში მისი დებიუტი 2001 წელს შედგა. მაშინ მან „მინარდის“ (ახლანდელი ტორო როსო) ბოლიდით იასპარეზა. წლევანდელი სეზონი მისთვის ფ1-ში მეთხუთმეტეა. აქედან ერთი სეზონი (2002 წელს) მან „რენოს“ ტესტ პილოტის რანგში, რეზერვში გაატარა.
ესპანელმა მრბოლმა „მაკლარენთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ოღონდ კონკრეტულად რამდენ სეზონზე, უცნობია. ის ამბობს, რომ სწორედ „მაკლარენში“ დაასრულებს კარიერას, ოღონდ კონკრეტულად როდის, ამაზე არაფერს ამბობს. ასევე გამორიცხავს, რომ ბრიტანულ გუნდში მენეჯერად დარჩება. ესპანელი ამბობს, რომ „ნორმალურ ცხოვრებას“ დაიწყებს მას შემდეგ, რაც სპორტიდან წავა.
„ჩემი აზრით, ფორმულა ერთში 15, 16, ან 17 სეზონის შემდეგ, გაგრძელება აღარ ღირს. ეს დაახლოებით ისევე იქნება, როგორც „ფერარის“ შემდეგ. უბრალოდ, ჩემი ცხოვრების ამ ნაწილს დავხურავ“, - ამბობს ალონსო და დასძენს: „ეს ყველაფერი მამაჩემის მიერ გაკეთებული, „მაკლარენ-ჰონდას“ რეპლიკით დავიწყე. მაშინ სამი წლის ვიყავი. დასრულებასაც „მაკლარენ-ჰონდათი“ ვაპირებ, ამჯერად ფორმულა ერთის რეალური მანქანით. და ეს ჩემი ცხოვრების მესამედის დასასრული იქნება. ამ დრომ დიდი გამოცდილება, დიდებული მოგონებები და შესანიშნავი სამეგობრო წრე მომცა. მაგრამ ნორმალური ცხოვრება მაშინ დაიწყება, როცა სპორტიდან წავალ და საკუთარ თავს აქ მენეჯერად ვერ ვხედავ“.

No comments:

Post a Comment