Thursday, April 23, 2015

ფეტელი ჯერ ტიტულზე არ ფიქრობს

Vettel focused on pressuring Mercedes, not fifth title
23 აპრილი
სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ ჯერჯერობით, ის ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე არ ფიქრობს და მთელ ყურადღებას, ახლო მომავლის მიზნებზე გადაიტანს, რაც „ფერარის“ კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და „მერსედესზე“ მუდმივ ზეწოლას გულისხმობს. პირველ ოთხ რბოლაში ფეტელს ერთი მოგება (მალაიზიაში) და ორი მესამე ადგილი (ავსტრალიასა და ჩინეთში) აქვს. ბაჰრეინში კი მეხუთე ადგილს დასჯერდა და ჯერჯერობით, თუ დღეს ამაზე ლაპარაკი შეიძლება, ტიტულისთვის ბრძოლის რეალური შანსი აქვს.
„წინ ჯერ ძალიან, ძალიან გრძელი გზა გვაქვს. ამ ეტაპზე, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. ბევრისთვის დიდი მოულოდნელობა იყო ის, რომ ჩვენ კარგად ვასპარეზობთ. ბაჰრეინშიც ძალიან კარგად ვიასპარეზეთ. მთავარი მიზანი „მერსედესის“ დაწევაა. აშკარად მოვუმატეთ, მაგრამ ჩამორჩენა მაინც დიდია. გასულ სეზონში ისინი ძალიან, ძალიან ძლიერები იყვნენ. ეს სეზონიც კარგად დაიწყეს. მაგრამ ყოველ მომდევნო რბოლაში ჩვენ ვეცდებით, რომ ისინი სულ უფრო მეტად შევაწუხოთ. ჯერაც ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ახლა სწორედ ამაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული“, - ამბობს ფეტელი, ვინც ოთხი რბოლის შემდეგ, ლიდერ ლუის ჰამილტონს 27 ქულით ჩამორჩება.
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს, „მერსედესს“ რეზერვი აქვს, რომელსაც ჯერ არ იყენებს: „არ მგონია, მათ რამე სისულელე გააკეთონ. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ლუისი და ნიკო თავს არ ზოგავენ. რბოლის პირველი სტოპის შემდეგ, ჩვენ ყველანი ერთმანეთთან ახლოს ვიყავით და ამიტომ არ მგონია, რომ ბოლოსთვის ინახავდნენ თავს. ჩემი აზრით, მეორე პიტსტოპის შემდეგ, საბურავები უკეთ გამოიყენეს, რის საშუალებაც მაშინ გაქვს, როცა წინ ხარ და არავის დევნა არ გიწევს“.

No comments:

Post a Comment