Sunday, April 19, 2015

მესამე ნაბიჯი მესამე ტიტულისკენ

Motor racing-Hamilton wins again under Bahrain floodlights
19 აპრილი
ლუის ჰამილტონმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად ბაჰრეინში. მართალია, „ფერარისგან“ კიდევ ერთხელ წააწყდა სოლიდურ წინააღმდეგობას, მაგრამ ჯერჯერობით, მის დომინაციას რეალური საფრთხე არ ელის. კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურის დაკავებაში, მხოლოდ ტექნიკის გაუმართაობა თუ შეუშლის ხელს. რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ჯეკი სტიუარტმა ჰკითხა კიდეც - ამ სეზონის ბოლოს მესამე ტიტულით ხომ არ გიხილავთო?




ჯერ ამაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ჰამილტონი თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს უკვე 27 ქულას უგებს. ამაზე ქულით შორსაა სებასტიან ფეტელი. და ჰამილტონიც სტიუარტს ასე პასუხობს - აქ სწორედ მესამე ტიტულისთვის ვარო. თუმცა ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლაში კიდევ ერთი წრე რომ ყოფილიყო დარჩენილი, კიმი რაიკონენს გამარჯვების რეალური შანსი ექნებოდა. ეს თავად „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა „სკაი სპორტსთან“ საუბრისას თქვა...



საქმე ისაა, რომ რბოლის მიწურულს „მერსედესის“ ორივე მანქანაზე მუხრუჭები დაზიანდა. ფინიშამდე ორი წრით ადრე, როსბერგი სწორედ მუხრუჭების გამო, მოსახვევში ვერ ჩაეტია და მაშინვე მას რაიკონენმა გაასწრო, რომელმაც მანამდე უფრო ახალი, რბილი რეზინის წყალობით, გერმანელს ათ წამზე მეტი ამოუქაჩა. ასეთი უპირატესობის მიუხედავად, გასწრება გაუჭირდებოდა, რომ არა დაზიანებული მუხრუჭები.

სხვათა შორის, ბოლო წრეზე იგივე პრობლემები ჰამილტონის მანქანასაც დაეწყო. ბრიტანელმა საგრძნობლად დააგდო ტემპი და მაინც, ფინიშსაც პირველმა მიაღწია. ეს ამ სეზონში მისი მესამე, კარიერაში კი 36-ე გამარჯვებაა. მან ბაჰრეინში შარშანაც გაიმარჯვა, ოღონდ იმ რბოლის სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო და როსბერგთან ბორბალი-ბორბალში იბრძოლა.

რაც შეეხება რაიკონენს, ის კვარცხლბეკზე 2013 წლის შემდეგ (მაშინ ლოტუსის პილოტი იყო), პირველად ავიდა. ამასთან, „ფერარის“ ბოლიდით ასპარეზობისას ეს მისი პირველი კვარცხლბეკია 2009 წლის შემდეგ. მან როსბერგს პირველად სტარტზე გაასწრო, მაგრამ გერმანელმა სწრაფადვე დაიბრუნა პოზიცია და მერე ფეტელსაც გაუარა. ამის შემდეგ, ფეტელმა როსბერგს ორჯერ გაასწრო და ორივეჯერ უფრო ადრეული პიტსტოპის წყალობით, თუმცა როსბერგმა ორივე შემთხვევაში დაიბრუნა მეორე ადგილი.

მეორე პიტსტოპიდან მალე, ფეტელმა შეცდომა დაუშვა, რა დროსაც მანქანის წინა ფრთა დაუზიანდა და ბოქსში ზედმეტად შესვლამ მოუწია. ამის გამო, მოწინავეთა რიგებს გამოაკლდა და რბოლა მე-5 ადგილზე დაასრულა. როსბერგი მესამე ადგილს დასჯერდა, მეოთხეზე კი ვალტერი ბოტასი გავიდა, რომელმაც რბოლის ბოლო წრეებზე, ფეტელის რამდენიმე შეტევა მოიგერია.


კიდევ ერთხელ უმტყუნა „რენოს“ ძრავმა „რედ ბულს“ და მის დანიელ რიკარდოს. ავსტრალიელს ბოლო მოსახვევში დაეწვა ძრავი, თუმცა ინერციით მიაღწია ფინშს და დაბალი სიჩქარის მიუხედავად, მე-6 ადგილი შეინარჩუნა. მხოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდა ფელიპე მასა, რომელმაც გასახურებელ წრეზე გასვლა ვერ მოახერხა და ამის გამო, სტარტი პიტლეინიდან აიღო. მისგან განსხვავებით, სტარტზე ვერც კი გავიდა ჯენსონ ბატონი.



სამაგიეროდ, მისმა თანაგუნდელმა ფერნანდო ალონსომ ფინიშს მე-11 ადგილზე მიაღწია და ამ სეზონში „მაკლარენის“ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. საინტერესოა, რომ ერთხელ ალონსომ თვით რაიკონენსაც კი გაასწრო. არადა, იმ მომენტში ფინელ პილოტს ის უკვე წრეზე ჰყავდა ჩამოტოვებული. ორიოდ წრის შემდეგ, რაიკონენმა მეორე პიტსტოპი შეასრულა და სწორდ აქედან დაიწყო მისი სპურტი მეორე ადგილისკენ. სხვათა შორის, ამ სპურტის დროს, მან უსწრაფესი წრეც დააფიქსირა.

ბაჰრეინის დიდი პრიზი
სახირი, დისტანცია 308.238 კმ (5.412 კმ, 57 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:35:05.809
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             +00:03.380
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     00:06.033
4. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი)                       00:42.957
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    00:43.989
6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            01:01.751
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    01:24.763
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1 წრე
9. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1 წრე
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1 წრე
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1 წრე
12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1 წრე
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1 წრე
14. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1 წრე
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1 წრე
16. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      2 წრე
17. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          3 წრე
გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             22 წრე
გ. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო)     27 წრე
გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 57 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: კიმი რაიკონენი - 1:36.311, 42-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 93 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 66; 3. სებასტიან ფეტელი - 65; 4. კიმი რაიკონენი - 42; 5. ფელიპე მასა - 31; 6. ვალტერი ბოტასი - 30; 7. დანიელ რიკარდო - 19; 8. ფელიპე ნასრი - 14; 9. რომენ გროჟანი - 12; 10. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 11. მაქს ფერსტაპენი - 6; 12. კარლოს საინს უმცროსი - 6; 13. სერხიო პერესი - 5; 14. მარკუს ერიქსონი - 5; 15. დანილ კვიატი - 4

გუნდური კლასიფიკაცია
1. მერსედესი - 159 ქულა; 2. ფერარი - 107; 3. უილიამს-მერსედესი - 61; 4. რედ ბულ-რენო - 23; 5. ზაუბერ-ფერარი - 19; 6. ლოტუს-მერსედესი - 12; 7. ტორო როსო-რენო - 12; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 11; 9. მაკლარენ-ჰონდა - 0; 10. მენორ-ფერარი - 0

No comments:

Post a Comment