Monday, April 13, 2015

როსბერგი „თავისთვის ფიქრობს“...

Motor racing-Rosberg accuses Hamilton of selfish behaviour
13 აპრილი
ჩინეთის დიდი პრიზის რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ნიკო როსბერგმა ყველა გააოცა, როცა თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს ბრალი დასდო მისთვის ხელის შეშლაში. მისი თქმით, ბრიტანელი შეგნებულად შედარებით დაბალი ტემპით ასპარეზობდა, რათა „ფერარის“ პილოტებისთვის, როსბერგის დაწევის საშუალება მიეცა.
„ლუისი შეგნებულად მოქმედებდა, თუ არა? არ ვიცი. ამაზე პასუხი არ მაქვს. უბრალოდ, ასეთი კითხვა დამებადა“, - განცხადა როსბერგმა, რაზეც პრესკონფერენციაზევე, ჰამილტონისგან პასუხი მიიღო: „ჩემი საქმე არ არის ნიკოს რბოლაზე ზრუნვა. ჩემი საქმე ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფი ვიყო და ფინიშს საღი მანქანით მივაღწიო. მე სწორედ ეს გავაკეთე“.
როსბერგმა რბოლის დროსვე, რადიოთი შესჩივლა თავის ინჟინერს, ჰამილტონი საკმარისად აჩქარებას არ აპირებს, ასე სებასტიან ფეტელის „ფერარი“ მეწევა და შეიძლება გასწრების საშუალებაც მიეცესო. მაგრამ ფაქტია, რომ არც როსბერგი იყო ჰამილტონთან იმდენად ახლოს, რომ ბრიტანელისგან ხელი შეშლოდა და არც „ფერარი“ იყო მისგან ისე ახლოს, რომ შეტევის შესაძლებლობა მისცემოდა.
„არ ვიცი, რით გავაფუჭე მისი რბოლა. ის ჩემგან 4-5 წამში იყო და არასდროს მოახლოებულა. ნიკოს გასწრება რომ მოესურვებინა, უნდა ეცადა მაინც, მაგრამ ასე არ მოქცეულა“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ბოლო 10 რბოლაში, როსბერგს 9-ჯერ აჯობა.
„მერსედესის“ შეფები, ტოტო ვოლფი და ნიკი ლაუდა ამბობენ, რომ ერთმანეთს შორის უთანხმოებას პილოტები თავადვე მოაგვარებენ. თუმცა თვლიან, რომ ჰამილტონს მსგავსი არაფერი მოუმოქმედებია. უფრო მეტიც, ვოლფი თვლის, რომ მათ შორის ურთიერთობა შემდგომში შეიძლება უფრო გამწვავდეს კიდეც. ლაუდა კი ამბობს, ისინი დაილაპარაკებენ და მალე შეთანხმდებიანო.

No comments:

Post a Comment