Thursday, March 19, 2015

„სუზუკიმ“ „ალტო ტურბო RS-ის“ წარმოება დაიწყო

Suzuki Sports Up its Alto Kei Car with Turbo RS Version in Japan
19 მარტი
„სუზუკიმ“ თავის პოპულარულ კეიქარ „ალტოს“ ტემპერამენტიანი ვერსია, „ტურბო RS“ გამოუშვა. ეს ავტომობილიც სერიული „ალტოს“ სამცილინდრიანი 0.66-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვა, რომელსაც ამჯერად ტურბო დამჭირხნი ემსახურება. ძრავთან კი უახლესი, 5-საფეხურიანი ავტომატიზებული მექანიკური კოლოფი (AGS - ავტო გიარ შიფტ) მუშაობს, რომლის საფეხურებიც, საჭესთან განლაგებული ბერკეტებით იცვლება.
იაპონური კომპანიის განცხადებით, ტურბო ძრავი სწრაფი აჩქარების საშუალებას იძლევა, თუმცა ავტომობილის დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს. ტურბოს დახმარებით, გაზრდილია დაბალ და საშუალო ბრუნვებზე მომენტი, ასევე მაქსიმალური მომენტი. ამას ინჟინრებმა ახალი შემშვები კოლექტორის შემუშავებით და მძლავრი ტურბინის გამოყენებით მიაღწიეს.
ძრავის პიკური მომენტი 98 ნიუტონმეტრია, რასაც 3 000 ბრ/წთ-ზე აღწევს. და ეს ყველაფერი არაა. მწარმოებელი აცხადებს, რომ დაახლოებით 20 პროცენტით შემცირდა ტურბო ჩამორჩენა. წინ ამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილ „ალტო ტურბო RS-ს“ ასი კილომეტრის გასავლელად 3.9 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, რაშიც ავტომობილს ავტომატური სისტემა სტოპ/სტარტი ეხმარება.
მოდიფიცირებულია შასის სტრუქტურაც, რომელიც სტანდარტული „ალტოსაზე“ 5 პროცენტით მტკიცეა. ამას ძრავის სეგმენტში განივი ბერკეტის დამატებით, მაღალი სიმტკიცის წინა ბამპერის გამოყენებით და კაპოტის გასქელებით მიაღწიეს. გარდა ამისა, ავტომობილი სპეციალურად დამუშავებული საკიდარით და მუხრუჭებით აღიჭურვა. სალონში წინ სპორტული სავარძლები დააყენეს.
რაც შეეხება გარეგნობას, „ალტო ტურბო RS-ზე“ ახალია უკანა კარის სპოილერი, ორივე ბამპერის მორთულობები, შავი ფერის, 15-დუიმიანი ალუმინის ბორბლები, წარწერები „Turbo RS“ და წითელი ფერის აქცენტები. დაბოლოს, წინა ამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილი „ალტო ტურბო RS-ი“ 670 კილოგრამს იწონის, სრულ ამძრავიანი კი - 720 კილოგრამს. შესაბამისად, პირველი ვერსია 1.29 მილიონი იენი (10 600 დოლარი) ღირს, მეორე ვერსია კი - 1.40 მილიონი იენი (11 500 დოლარი).

No comments:

Post a Comment