Sunday, March 15, 2015

ჩემპიონური დასაწყისი და... I’ll be back

Motor racing-Hamilton wins Australian Grand Prix for Mercedes
15 მარტი
ცოტა არ იყოს, უცნაური დასაწყისი კი გამოვიდა. ოღონდ, უცნაურობა ლუის ჰამილტონის და „მერსედესის“ გამარჯვებას და აბსოლუტურ დომინაციას არ ეხება. უცნაური იყო ის, რომ რბოლას სტარტამდე სამი მონაწილე გამოეთიშა. მეორეც, ფინიშს მხოლოდ 11-მა მანქანამ მიაღწია. მესამე - დებიუტანტმა ფელიპე ნასრმა მეხუთე ადგილი დაიკავა, ჯენსონ ბატონი კი ბოლოზე გავიდა. დაბოლოს, დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, სახელდახელო ინტერვიუ ფ1-ის რომელიმე „ყოფილმა“ კი არა, თვით „ტერმინატორმა“ არნოლდ შვარცენეგერმა აიღო და რა თქმა უნდა, ბოლო სიტყვაც თვითონ თქვა - I’ll be back!
ჰამილტონმა ახალი სეზონი გაცილებით უკეთ დაიწყო, ვიდრე შარშანდელი. მელბურნში მოპოვებული პოული, რბოლაში უსწრაფესი წრით და გამარჯვებით დააგვირგვინა. ნარბოლევს თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა გარჯა შეუქო - ლუისმა ისე იასპარეზა, როგორც ჩემპიონს შეეფერებაო! ჰამილტონისგან ასეთი დასაწყისი გასაკვირი არც იყო. მაგრამ, ფ1-ის მოყვარულებმა ალბათ წინასწარ წარმოიდგინეს სეზონი, რომელიც მსგავსი სცენარით წარიმართება. არნოლდის (რომელიც „თურმე სულაც არ ყოფილა მაღალი“) მიერ წარმოთქმულ „ბოლო სიტყვაზე“ ფ1-ის ფანებს ალბათ არა იმდენად ტერმინატორი გაახსენდათ, არამედ ის, რომ მალაიზიაშიც შესაძლოა მსგავსი რბოლა იხილონ. მოკლედ, ახლა ერთადერთი იმედი როსბერგზეა...

სეპანგამდე, მელბურნის რბოლის უცნაურობებზე ვილაპარაკოთ. ჯერ რბოლის დაწყებამდე შეთხელებული პელოტონი: „მენორი“ რომ სტარტზე არ იქნებოდა, ეს კვალიფიკაციაში მისი პილოტების ვერგამოსვლის შემდეგვე გახდა ცნობილი. რბოლის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გადაწყდა, რომ სტარტზე არც ვალტერი ბოტასი დადგებოდა, ვისაც კვალიფიკაციის დროს, ზურგის ძლიერი ტკივილი დაეწყო. სასტარტო რიგში დასადგომად, ბოქსებიდან ერთი წრის გავლაც კი ვერ შეძლეს კევინ მაგნუსენმა და დანილ კვიატმა. დანიელ პილოტს, ვინც ტრავმირებულ ფერნანდო ალონსოს ცვლიდა, ძრავი დაუზიანდა, რუსის „რედ ბულზე“ კი მწყობრიდან გადაცემათა კოლოფი გამოვიდა.
სტარტზე 15 მრბოლი გამოვიდა, მაგრამ მეორე მოსახვევში პელოტონი კიდევ შეთხელდა - პასტორ მალდონადოს „ლოტუსს“ უკნიდან ფელიპე ნასრის „ზაუბერმა“ წაჰკრა, რომელსაც მანამდე კიმი რაიკონენის „ფერარიმ“ გვერდიდან უჯიკა. ვენესუელელისგან ინციდენტები ვის გაუკვირდება, მაგრამ ამჯერად მომხდარში მისი ბრალი არ იყო. ცოტაც და ასპარეზობას მისი თანაგუნდელი რომენ გროჟანიც გამოეთიშა. ფრანგმა პირველივე წრის ბოლოს ბოქსებისკენ გადაუხვია და იქიდან ტრასაზე არც დაბრუნებულა.
უიღბლოთა ესტაფეტა მოგვიანებით მაქს ფერსტაპენმა მიიღო, ვის კოკპიტშიც საიდანღაც ბოლმა შეაღწია და ჰოლანდიელი თინეიჯერი იძლებული შეიქნა, გაჩერებულიყო. მერე კი კიმი რაიკონენის ჯერ დადგა, ვისაც ორივე პიტ სტოპზე, უკანა მარცხენა ბორბლის სამაგრზე შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ, ამის გამო გაჩერდა. თუმცა მისი გაჭირვება სტარტზევე დაწყებულა, როცა პირველ მოსახვევში, ნასრთან „ჯიკაობამდე“, კიმისაც უკნიდან უბიძგეს და მანქანა დაუზიანეს. მოკლედ, აისმენს არ გაუმართლა, თუმცა ნარბოლევს მაინც კმაყოფილი იყო - მანქანა სწრაფიაო.
ფინიშს მიაღწია ჯენსონ ბატონმა, ვინც რბოლის დასაწყისში, სერხიო პერესის შეტევებს იგერიებდა, საბოლოოდ კი გამარჯვებულს ორი წრით ჩამორჩა. ამის მიუხედავად, მისთვის და „მაკლარენისთვის“ რბოლა პროდუქტიული გამოდგა, რადგან მათ ფაქტობრივად, სრულფასოვანი ტესტის ჩატარება შეძლეს და ამდენად, კმაყოფილებიც კი დარჩნენ. პერესმა ტრასაზე პეისკარის ყოფნისას შეასრულა გასწრება, რის გამოც, ორი პოზიცია დაათმობინეს. თუმცა, საბოლოოდ მაინც თავი დააღწია ბოლო ადგილს და მე-10 ადგილის დაკავებით, ერთი ქულა მიითვალა.
სებასტიან ფეტელმა „ფერარიში“ თავისი პირველი რბოლა კვარცხლბეკზე დაასრულა. მესამე ადგილი ის შედეგი არაა, რომელიც ორი წლის წინთ, მას გაახარებდა, მაგრამ ახლა სრულებით კმაყოფილი იყო. მითუმეტეს, მელბურნში გამოჩნდა, რომ სამქიმიანების უკან ყველაზე სწრაფები მარანლოელები არიან. და ეს „ფერარის“ ერთადრთი მიღწევა არ ყოფილა - იტალიური კომპანიის ძრავით აღჭურვილი „ზაუბერით“, დებიუტანტმა ფელიპე ნასრმა შესანიშნავად იასპარეზა და მე-5 ადგილი დაიკავა. თანაც, სეხნია თანამემამულე ფელიპე მასას სულ სამი წამით ჩამორჩა. კარიერის უკეთეს დასაწყისზე ალბათ არც უოცნებია...

ავსტრალიის დიდი პრიზი
მელბურნი, ალბერტ პარკი, დისტანცია 307.574 კმ (5.303 კმ, 58 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:31:54.067
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     +00:01.360
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    00:34.523
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         00:38.196
5. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                        01:35.149
6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1 წრე
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1 წრე
8. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                     1 წრე
9. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო)   1 წრე
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1 წრე
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               2 წრე
გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             18 წრე
გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             25 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    58 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          58 წრე
გ. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        58 წრე
გ. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         58 წრე
სტ.გ. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)

შენიშვნა: გ - გამოეთიშა; სტ.გ. - სტარტის გარეშე
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი, 01:30.945, 50-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 25 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 18; 3. სებასტიან ფეტელი - 15; 4. ფელიპე მასა - 12; 5. ფელიპე ნასრი - 10; 6. დანიელ რიკარდო - 8; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 8. მარკუს ერიქსონი - 4; 9. კარლოს საინს უმცროსი - 2; 10. სერხიო პერესი - 1...

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 43 ქულა; 2. ფერარი - 15; 3. ზაუბერ-ფერარი - 14; 4. უილიამს-მერსედესი - 12; 5. რედ ბულ-რენო - 8; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 7; 7. ტორო როსო-რენო - 2...

No comments:

Post a Comment