Friday, March 6, 2015

განახლებული „რეინჯ როვერ ევოუკის“ პრემიერა ჟენევაში

Facelifted Range Rover Evoque revealed
6 მარტი
„ლენდ როვერის“ ყველაზე პოპულარულ მოდელ „რეინჯ როვერ ევოუკს“ განახლების დრო დაუდგა და ბრიტანულმა კომპანიამ ის ახალი მაკიაჟით ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენა. არამარტო მაკიაჟით, ახალი ძრავებითა და შუქდიოდური ფარებითაც. დაკიდევ, ოფიციალური ინფორმაციით იმის შესახებ, რომ მყიდველს მალე „ევოუკის“ ღია ვერსიის შეძენის საშუალებაც ექნება.

„ლენდ როვერი“ იქადნის, რომ ახალი, სერია ინჯენიუმის 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოდიზელით აღჭურვილი „ევოუკის“ წინა ამძრავიანი ვერსია, მისი ყველა დროის ყველაზე ეფექტური სერიული ავტომობილი იქნება. ამ ძრავის (eD4) სიმძლავრე 148 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 430 ნიუტონმეტრი. როცა მასთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს, „ევოუკს“ 100 კილომეტრის გასავლელად, 3.46 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 109 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ეს კი დაახლოებით 18 პროცენტით ეფექტურია, ვიდრე აქამდე არსებული ყველაზე ეკონომიური „ევოუკი“.
მყიდველს ამავე ძრავის მეორე ვერსიასაც შესთავაზებენ, რომელიც 178 ცხენის ძალას და იმდენივე მომენტს - 430 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ ძრავით აღჭურვილ „ევოუკს“ 100 კილომეტრზე 3.99 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი 125 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ესეც ექვსსაფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ოღონდ სრულ ამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვის შემთხვევაში.
მესამე ძრავი (Si4) ბენზინისაა. ის „ფორდის“ წარმოების, სერია ეკობუსტის 2.0-ლიტრიანი ტურბო აგრეგატია, რომელიც 237 ცხენის ძალას და 340 ნიუტონმეტრს იძლევა. ამ ძრავთან, სტანდარტული შესრულებით,  9-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი და სრულ ამძრავიანი ტრანსმისია მუშაობს. ასეთი აღჭურვილობით „ევოუკს“ ასი კილომეტრის გასავლელად 6.5 ლიტრი საწვავი სჭირდება, ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 181 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. სამაგიეროდ, ეს ვერსია ყველაზე ტემპერამენტიანია - ადგილიდან ასის ასაკრეფად 7.6 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 217 კილომეტრია.
ტრანსმისია სამნაირია: წინა ამძრავიანი, სრულ ამძრავიანი და აქტიური ტრანსმისია. წინა ორს განმარტება არ სჭირდება, რაც შეეხება მესამეს, ის საჭიროებისამებრ ირჩევს, წინა ამძრავიანი რეჟიმით იმუშაოს, თუ სრულ ამძრავიანით. მასვე მომენტის გამანაწილებლის მისიაც აკისრია. აქტიური ტრანსმისია სტანდარტულია ბენზინის ძრავით აღჭურვილ „ევოუკზე“, დიზელების შემთხვევაში კი მყიდველს ოპციის სახით სთავაზობენ.
სერია ინჯენიუმის დიზელის ძრავები სიმსუბუქით გამოირჩევა, რის გამოც, ინჟინრებმა საკიდარის მახასიათებლებიც შეცვალეს. წინა საკიდარს ახალი სუბ-ჩარჩო აქვს, უკანას კი - ახალი მილისები. გარდა ამისა, უკანა ბორბლებს უფრო დიდი ზომის სამუხრუჭე დისკოებიც ემსახურება.
რაც შეეხება ექსტერიერის ცვლილებებს, ახალია წინა ბამპერი, გაიზარდა ჰაერის ამღებები, ასევე შეიცვალა რადიატორის ცხაურის ფორმა. ფარები შუქდიოდურია და ადაპტირებადი. ასევე ახალია ალუმინის ბორბლებიც. ავტომობილის უკანა კარზე ახალი სპოილერი განლაგდა. უკანა ფარებიც შუქდიოდურია. სალონში ახალია სავარძლები, გასაფორმებლად კი უფრო რბილი მასალებია გამოყენებული. მძღლის სამსახურში ჩადგა ახალი TFT საინფორმაციო დისპლეი, რომელიც მაჩვენებლების დაფაზე განლაგდა. ცენტრალურ კონსოლზე კი ახალი, 8.0-დუიმიანი სენსორული ეკრანი განლაგდა, რომელიც ინფოტაინმენტ სისტემის (ინკონტროლ ტაჩ) ნაწილია.
ჟენევის შოუზე, „ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ განახლებული „ევოუკის“ ფასები ახლოს იქნება ახლანდელთან.

No comments:

Post a Comment