Monday, March 16, 2015

„რედ ბული“ ფორმულა ერთის დატოვებით იმუქრება

Red Bull could quit Formula 1 over current rules - Helmut Marko
16 მარტი
კომპანია „რედ ბულის“ მოტორსპორტის საქმეთა მრჩეველი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ ახლანდელი ტექნიკური რეგლამენტი „ფორმულა ერთს მოკლავს“ და სანამ ეს მოხდება, ავსტრიული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატიდან წავა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ საჯინიბოს ძალიან წარუმატებელი გამოსვლა ჰქონდა ავსტრალიაში - მისმა ლიდერმა დანიელ რიკარდომ მხოლოდ მეექვსე ადგილის დაკავება შეძლო, მისი თანაგუნდელი დანილ კვიატი კი სტარტზეც კი ვერ დადგა.
„როგორც ყოველთვის, ზაფხულში ჩვენ სიტუაციას შევაფასებთ, მოგებას და ხარჯებს დავიანგარიშებთ და თუ კმაყოფილები არ დავრჩებით, ფ1-ის დატოვებაზე ვიფიქრებთ. არის იმის ალბათობა, რომ დიტრიხ მატეშიცი მსოფლიო ჩემპიონატისადმი ინტერესს კარგავს“, - ამბობს მარკო და დასძენს, რომ ახალი რეგლამენტი ძალიან გართულდა, მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობა კი მეტისმეტად ძვირი ჯდება.
თავისი უკმაყოფილების გასამართლებლად, მარკო ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „რენო“ საუკეთესო ძრავს მოამზადებდა, რეგლამენტისადმი „რედ ბულის“ დამოკიდებულება მაინც არ შეიცვლებოდა. მეორე მხრივ, „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ ფ1-ის ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა ახლანდელი ძრავების შესაძლებლობები გათანაბრდეს.
„რედ ბულის“ წასვლა ფორმულა ერთისთვის ორი გუნდის დაკარგვის ტოლფასი იქნება, რადგან ავსტრიულ გუნდსვე ეკუთვნის იტალიური „ტორო როსო“. მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ამ გუნდის შეძენით უკვე დაინტერესდა „რენო“, რომელსაც ფ1-ში დაბრუნება სურს. არსებობს კიდევ ერთ ვარაუდი, რომ თავად „რედ ბულის“ შეძენას „აუდი“ აპირებს. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ავსტრიულ კომპანიას ფ1-ში მინიმუმ 2020 წლამდე ასპარეზობის ვალდებულება აქვს აღებული.

No comments:

Post a Comment