Sunday, March 29, 2015

„ფერარი“ დაბრუნდა!

Motor racing-Ferrari's Vettel storms to victory in Malaysia
29 მარტი
ამ სიტყვებით გახსნა დაჯილდოების შემდგომი სახელდახელო პრესკონფერენცია ედი ჯორდანმა და შესაძლოა, ამით ფ1-ის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისი გვამცნო.
დღეს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში „ფერარის“, სებასტიან ფეტელის და მაურიციო არივაბენეს დღეა! მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, მარანელოელებს გამარჯვების გემო გაახსენა, არივაბენეს კი იგივე გემო პირველად გაასინჯა. რაც მთავარია, „სკუდერიას“ ფანობას იმის იმედი ჩაუსახა, რომ წითლები ისევ დაიპყრობენ მწვერვალებს. და იქნებ, ამ გერმანელმაც მათ ისეთივე დიდება მოუტანოს, როგორითაც მიხაელ შუმახერი ანებივრებდა.
ეს „ფერარის“ პირველი გამარჯვებაა ესპანეთის 2013 წლის დიდი პრიზის შემდეგ და მე-40 – „რედ ბულის“ ყოფილი პილოტის კარიერაში. დაძაბულ, ტაქტიკურ ბრძლაში, ფეტელმა ლუის ჰამილტონს ფინიშთან 8.5 წამით მიასწრო. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ტაქტიკური სვლის წყალობით მოპოვებული გამარჯვება. რბოლის განმავლობაში, ფეტელს და მის „ფერარის“ თითქმის ისეთივე სიჩქარე ჰქონდათ, როგორიც მეტოქე „მერსედესებს“.
„პირველი ნომერი დაბრუნდა, ფერარი დაბრუნდა“, - ასე მიესალმნენ გამარჯვებულს თანაგუნდელები რადიოთი. პასუხად კი მიიღეს: „გრაციე, გრაციე, ფორცა ფერარი“! ფეტელის მიერ სეპანგზე მოპოვებული ოთხი გამარჯვებიდან, ეს ყველაზე გამორჩეულია. და ალბათ იმ შვიდ გამარჯვებიდანც, რომლებიც „ფერარის“ პილოტებს მალაიზიაში 1999 წლიდან მოუპოვებიათ.
არადა, სულ ორი კვირის წინ ისე ჩანდა, რომ „მერსედესი“ თავის მეტოქეებისგან შარშანდელზე კიდევ უფრო შორს იყო. ამ გამარჯვებით, „ფერარიმ“ წუწუნის მორალური უფლება წაართვა „რედ ბულს“, რომელიც თავის ჩამორჩენას, ტექნიკურ რეგლამენტს და „რენოს“ აბრალებს - იმავე ძრავით აღჭურვილი ორივე მონათესავე „ტორო როსოს“ პილოტებმა, ორივე „რედ ბული“ უკან მოიტოვეს. მე-7 ადგილი დაიკავა 17 წლის მაქს ფერსტაპენმა, ვინც ყველაზე ახალგაზრდა პილოტია მათ შორის, ვისაც ფ1-ში ქულები მოუპოვებია.
ფეტელს კი კიდევ ერთხელ შეუძლია, იამაყოს „ფერარიში“ გადასვლით - იტალიური გუნდისგან მიღებული მიწვევა რომ არა, ის ფ1-დან წასვლაზეც კი ფიქრობდა. მან ეს გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როცა იტალიური გუნდი უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მაგრამ მან მარანლოელებს ნდობა გამოუცხადა და პასუხმაც არ დააყოვნა.
სტარტზე ჰამილტონმა ადვილად მოიგერია ფეტელის და ნიკო როსბერგის შეტევა და დაწინაურდა. ფეტელმაც თავისი მეორე პოზიცია შეინარჩუნა. მეოთხე წრეზე კი მარკუს ერიქსონმა შეცდომა დაუშვა და დატრიალდა, რის გამოც, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. გერმანული გუნდის ორივე პილოტმა ბოქსებს მიაშურა და რეზინი შეცვალა. ფეტელი კი ტრასაზე დარჩა. ის ამ დროს მედიუმ საბურავებით იყო. მალე გაირკვა, რომ გერმანელი მხოლოდ ორ პიტ სტოპს გეგმავდა, როცა სამქიმიანებს ერთნაირი, სამსტოპიანი სტრატეგია ჰქონდათ.
და როცა სამივემ რბოლის ბოლო პიტ სტოპები შეასრულა, აშკარა გახდა, რომ ფეტელის დამარცხება ძალიან ძნელი იქნებოდა. თუმცა, მხოლოდ სტრატეგიით ამ რბოლის მოგება შეუძლებელი იყო. რომ არა „ფერარის“ სისწრაფემ ფეტელს რეალური შანსი მისცა და ამანაც ის ხელიდან არ გაუშვა. მისგან განსხვავებით, არ გაუმართლა კიმი რაიკონენს, რომელსაც პირველივე წრის შემდეგ მოუწია რეზინის შეცვლა და სანამ ამას გააკეთებდა, ბევრი დრო დაკარგა. მართალია, საბოლოოდ ფინიში მეოთხემ გადაკვეთა, მაგრამ თანაგუნდელს 53 წამით ჩამორჩა. ეს განსხვავება კი ერთით მეტი პიტსტოპის, ტრეფიკის და გამსკდარი საბურავით გავლილი ნახევარი წრის შედეგია.
„დიდი ხანია, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე არ ვმდგარვარ, დღეს კი „ფერარის“ ფორმაში ეს პირველად შევძელი. სიტყვები არ მყოფნის. ბედნიერი და ამაყი ვარ დღევანდელი მიღწევით. სწორედ ამიტომ ვარ ასეთი ემოციური“, - რბოლის შემდგომ, კვარცხლბეკზევე განუცხადა ედი ჯორდანს ფეტელმა, ვინც უკვე მესამე გუნდს მანქანთ შეძლო რბოლის მოგება. შეგახსენებთ, რომ პირველი გამარჯვება „ტორო როსოს“ ავტომობილით აქვს მოგებული, რასაც „რედ ბულში“ მისი გადასვლა მოჰყვა.
„დიდი მილოცვა „ფერარის“ და სებასტიანს. ყველაფერი ვიღონე, რაც შემეძლო, მაგრამ მათი სისწრაფე შეუდარებელი იყო. ვიცოდით, რომ „ფერარიმ“ ძალიან მუმატა, მაგრამ არ ვიცოდით, თუ რამდენად. დღეს ისინი ძალიან სწრაფები იყვნენ“, - განაცხადა ჰამილტონმა.

მალაიზიის დიდი პრიზი
სეპანგი, დისტანცია 310.408 კმ (5.543 კმ, 56 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:41:05.793
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           +00:08.569
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     00:12.310
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             00:53.822
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     01:10.409
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         01:13.586
7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             01:39.085
8. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო)   1 წრე
9. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1 წრე
10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1 წრე
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1 წრე
12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1 წრე
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1 წრე
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1 წრე
15. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          3 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          9 წრე
გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 15 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)              35 წრე
გ. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                     53 წრე
ს.გ. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                     -

შენიშვნა: გ - გამოეთიშა; ს.გ. - სტარტის გარეშე
უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:42.062, 43-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 43 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 40; 3. ნიკო როსბერგი - 33; 4. ფელიპე მასა - 20; 5. კიმი რაიკონენი - 12; 6. ფელიპე ნასრი - 10; 7. ვალტერი ბოტასი - 10; 8. დანიელ რიკარდო - 9; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 10. მაქს ფერსტაპენი - 6; 11. კარლოს საინს უმცროსი - 6; 12. მარკუს ერიქსონი - 4; 13. დანილ კვიატი - 2; 14. სერხიო პერესი - 1

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 76 ქულა; 2. ფერარი - 52; 3. უილიამს-მერსედესი - 30; 4. ზაუბერ-ფერარი - 14; 5. ტორო როსო-რენო - 12; 6. რედ ბულ-რენო - 11; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 7

No comments:

Post a Comment