Sunday, February 1, 2015

„რედ ბულ RB11“ კამუფლაჟით

RB11 launched in camouflage
1 თებერვალი
„რედ ბულმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, RB11 გვიჩვენა, რომელიც გუნდის ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის თქმით, ტიტულისთვის ბრძოლას ვერ შეძლებს. თუ რატომ, ამაზე მოგვიანებით. პირველ რიგში, ავტომობილის უცნაურ ვიზუალურ მხარეზე გავამახვილოთ ყურადღება. „წითელმა ხარებმა“ ის შავ-თეთრ ფერებში კამუფლირებულ ფორმაში გამოწყობილი გვიჩვენეს.
ავსტრიულ გუნდს სპეციალური პრეზენტაცია არ ჩაუტარებია. ყველაფერი საქმიან ვითარებაში, მანამ მოხდა, სანამ ხერესის ტესტები დაიწყებოდა. კამუფლაჟის მიზეზი მარტივია - ნიუის და მის შტაბს არ სურთ, რომ მეტოქე გუნდებს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ ავტომობილის ფორმებზე. როგორც ცნობილია, ნიუი ფ1-ში საუკეთესოა აეროდინამიკის სფეროში და როგორც ჩანს, ამჯერადაც აქვს საინტერესო გადაწყვეტები.
გუნდის მიერ გამოქვეყნებულ მოკლე რელიზში ხაზგასმულია, რომ RB11-ის ყველა კომპონენტი დაიხვეწა და გაუმჯობესდა. გარეგნულ სიახლეებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, მანქანის წინა ნაწილია - რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ის ქვევითაა დაწეული. სიახლეების მეტი წილი კი მანქანის „კანქვეშაა“ დამალული.
ნიუი ამბობს, რომ „რედ ბულმა“ ახალ სეზონში შესაძლოა რბოლების მოგებისთვის იბრძოლოს, მაგრამ ტიტულისთვის ბრძოლას არ ელის: „ვფიქრობ, ყველაფერს რეალისტურად უნდა შევხედოთ. ამ სეზონში, ჩვენ წინსვლის გაგრძელებას უნდა ვეცადოთ. აუცილებელია სიმძლავრის დეფიციტის შემცირება. თუ შემთხვევით, რბოლის მოგებას შევძლებთ, როგორც გასულ სეზონში, ეს შესანიშნავი იქნება. მაგრამ ჩვენ ამის იმედზე ვერ ვიქნებით. ეს სეზონი ჩვენთვის მომავლის შენებისთვის საფუძვლის ჩაყრის სეზონი იქნება“.
მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა, ბევრი რამ შეცვალოს. ეს ფაქტორი „რენოს“ ძრავია, რომელიც საფუძვლიანად არის შეცვლილი და უფრო მეტ ცხენის ძალასაც იძლევა. ნიუი ამბობს, რომ გასულ სეზონში, სიმძლავრის დეფიციტი დაახლოებით 60 ცხენის ძალა იყო. როგორია ძალთა შეფარდება ახალი სეზონისთვის, ეს ჯერ არავინ იცის. არაოფიციალური ინფორმაციით, „მერსედესის“ განახლებული აგრეგატის სიმძლავრე 850 ცხენის ძალას აღწევს.

No comments:

Post a Comment