Thursday, February 5, 2015

„რენო კაჯარი“ ჟენევური პრემიერის წინ

All-New Renault Kadjar SUV Officially Revealed
5 თებერვალი
„რენო“ მალე კომპაქტური ქროსოვერების ბაზარს კიდევ ერთ ახალ ავტომობილს შესთავაზებს. ესაა C სეგმენტის „კაჯარი“, რომელიც ამ სეგმენტის ისეთ პოპულარულ ავტომობილებს გაუწევს კონკურენციას, როგორებიცაა „ნისან ქაშკაი“, „ფორდ კუგა“, „ჰონდა CR-V“ და „ტოიოტა RAV4“. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა მალე ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.
„კაჯარი“ ფრანგული კომპანიის კიდევ ერთი ახალი ქროსოვერის, „კაპტურის“ სტილშია შესრულებული, თუმცა გარდა იმისა, რომ მასზე დიდია, უფრო „დაკუნთული“ და აგრესიული იერითაც გამოირჩევა. ამასთან, მისი ძარა შეჩბეკზე მეტად, უნივერსალისას ჰგავს. ინტერიერის მხრივ კი ის უფრო სოლიდურიცაა და პრემიუმ კლასის ავტომობილის შთაბეჭდილებასაც ახდენს. სალონში განლაგებულია მულტიმედიური სისტემა „რენო R-ლინკ 2“, რომელშიც 7.0-დუიმიანი სენსორული ეკრანი შედის.
„რენო კაჯარის“ გაბარიტებია: სიგრძე 4 450 მილიმეტრი, სიგანე 1 840 მილიმეტრი და სიმაღლე 1 600 მილიმეტრი. ანუ, ის ყველა ამ პარამეტრით, „ქაშკაიზე“ დიდია და მასზე 42 ლიტრით დიდი საბარგულიც აქვს, რომლის მოცულობაც 472 ლიტრია. უკანა სავარძლების 60/40 პროპორციით დაკეცვის შემთხვევაში კი მოცულობა უფრო იზრდება. გარდა ამისა, კაბინაში არსებული სხვადასხვა მომცრო საცავების ჯამური მოცულობა 30 ლიტრს აღწევს.
ფრანგული კომპანია „კაჯარის“ ძრავების შესახებ ინფორმაციას კვლავაც საიდუმლოდ ინახავს. სავარაუდოდ, მის გამაში „ნისან ქაშკაის“ ძრავების კალიბრის აგრეგატები შევა. ეს შეიძლება იყოს ბენზინის 1.2 და 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავები, რომლებიც შესაბამისად, 115 და 150 ცხენის ძალას ავითარებენ, ასევე დზელის 1.5 და 1.6-ლიტრიანი ძრავები, რომელთა სიმძლავრეც 110 და 130 ცხენის ძალაა.
სტანდარტულ აღჭურვილობაში შევა სისტემა სტარტ-სტოპი, „კაჯარი“ იქნება როგორც წინა, ასევე სრულ ამძრავიანი. ოთხივე წამყვანი ბორბლის შემთხვევაში, მძღოლს სამი რეჟიმიდან ერთ-ერთის არჩევა შეუძლია. ესენია: ავტო, ლოქ და 2WD. ავტომობილის კლირენსი 190 მილიმეტრია, რაც ავტომობილს უგზოობის პირობებში იოლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.
„რენო“ მოდელ „კაჯარის“ პრემიერას ჟენევის მოტორ შოუზე გამართავს. ბაზარზე კი მას ზაფხულშ გამოუშვებს. ავტომობილი ევროპის გარდა, აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებშიც გაიყიდება.

No comments:

Post a Comment