Wednesday, February 18, 2015

კონცეპტი „ბუდიი“ – „რინსპიდის“ ახლო მომავლის ავტომობილი

Budii Concept is Rinspeed's Redesigned BMW i3
18 თებერვალი
„რინსპიდი“ ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური კონცეპტუალური ავტომობილებით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შვეიცარიული დიზაინ და საინჟინრო ატელიე, თანამედროვე ტენდენციებზე რამდენიმე ნაბიჯით წინ არის ხოლმე. რა თქმა უნდა, მისი ქმნილებების უმეტესობა კონვეიერს ვერ აღწევს, მაგრამ ბევრ კომპანიას და ინჟინერს შთაგონების წყაროს აძლევს იმისათვის, რომ მათ მომხმარებლებს მაქსიმალური სიამოვნება მიანიჭონ და კომფორტი შეუქმნან.
როგორც წესი, „რინსპიდის“ ნამუშევრების ხილვა ჟენევის მოტორ შოუზეა ხოლმე შესაძლებელი და ამჯერადაც ასე იქნება. „ბუდიი“ - ასე ჰქვია სახელოვანი ატელიეს მორიგ ქმნლებას, რომელიც „ბეემვეს“ სუბკომპაქტურ ელექტრომობილ i3-ის ბაზაზეა შექმნილი და წარმოადგენს ატელიეს ინჟინრთა ხედვას იმისას, თუ როგორი შეიძლება იყოს ავტონომიური ავტომობილი.
მართალია, „ბეემვე i3-ზეა“ ბაზირებული, მაგრამ „ბუდიი“ მას სრულებითაც არ ჰგავს. ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან „რინსპიდი“ დიზაინის გარეშე პროექტს ხელს როგორ მოჰკიდებდა. შეცვლილია აბსოლუტურად ყველაფერი, მხოლოდ წინა მთავარი ფარები დატოვეს ხელუხლებელი. ავტომობილის სტილზე ვერ იტყვით, თვალწარმტაციაო, თუმცა ეს მის ავტორთა მიზანი არც ყოფილა. ერთგვარი ქაოსური ფორმებით, მათ მიგვანიშნეს, რომ ყველაზე საინტერესო რამ ავტომობილის შიგნითაა.
არამხოლოდ შიგნით: სანამ ინტერიერზე გადავალთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს სახურავზე მოთავსებული ლაზერული „თვალი“, რომელიც ერთგვარი პერისკოპის მოვალეობას ასრულებს. ეს არის ტელესკოპური ლაზერული სკანერი, ანუ სამგანზომილებიანი კამერა, რომელიც ავტომობილის ირგვლივ არსებული გარემოს რუქას ადგენს და გზის მდგომარეობას აფიქსირებს.
ეს ინფორმაცია კი ავტონომიური მართვის სისტემას სჭირდება, რომელიც გზის პარამეტრების მიხედვით მომართავს ავტომობილს და მის პნევმო საკიდარს, რომლის კლირენსმაც საჭიროებისამებრ შეიძლება 100 მილიმეტრით მოიმატოს. ჩვეულებრივ, პერისკოპი სახურავის თავზეა განლაგებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მისი ფეხი 70 მილიმეტრის სიმაღლეზე გაიშლება.
სრულიად შეცვლილია ინტერიერი, სადაც ზოგ შემთხვევაში, საჭე შეიძლება ვერც ნახოთ - ის ამ დროს სპეციალურ სათავსშია ჩაკეცილი. ამ დროს, ავტომობილი ან გაჩერებული იქნება, ან ავტონომიურ რეჟიმში გადაადგილდება. ისე კი, მისი განლაგების ადგილი წინა კონსოლია, რომელთანაც „მკლავითაა“ დამაგრებული. მისი მეშვეობით კი, საჭე შეიძლება მარცხნივ მჯდომმა მგზავრმა მართოს, ან მარჯვნივ მჯდომმა. ალბათ იმის აღნიშვნაც ზედმეტია, რომ მკლავი საჭის რგოლს ბორბლებთან მავთულებით აკავშირებს.
„ბუდიის“ პრემიერა მალე ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.

No comments:

Post a Comment