დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 11, 2015

ედრიან ნიუის მხოლოდ ფ1-ის ტექნიკური რევოლუცია დააბრუნებს

F1 revolution could tempt Adrian Newey back - Christian Horner
11 თებერვალი
ედრიან ნიუი ფორმულა ერთის იმ ეპოქის სუპერ ვარსკვლავია, რომლის დროსაც ავტომობილების აეროდინამიკამ წინა პლანზე გადაინაცვლა. მის მიერ შემუშავებული ბოლიდების ანგარიშზე, რამდენიმე ტიტულია, მათ შორის, ოთხი „რედ ბულს“ და სებასტიან ფეტელს აქვთ მოპოვებული. ამ სეზონისთვის ნიუიმ ბოლო მანქანა მოამზადა, რის შემდეგაც ის ავსტრიულ ორგანიზაციაში სხვა პროექტებზე იმუშავებს და ფ1-ში მხოლოდ კონსულტანტად დარჩება.
ამის მთავარი მიზეზი ის ფაქტია, რომ ბოლო სეზონებში, ტექნიკური რეგლამენტი სულ უფრო ზღუდავს აეროდინამიკის სპეციალისტების გასაქანს. რომ იტყვიან, ამ მიმართულებით მუშაობა სულ უფრო შეუძლებელი ხდება. ნიუისაც რეგლამენტთან ბრძოლა მობეზრდა და ჩრდილში გადადის. „რედ ბულმა“ კი, იმისათვის, რომ თავისი მთავარი დამრტყმელი ძალა მოულოდნელად მეტოქის ბანაკში არ გადასულიყო, მას ბევრ კაპრიზს უსრულებს...
მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ნიუი დაბრუნდეს. და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რეგლამენტში ბევრი შეზღუდვა მოიხსნება და აეროდინამიკის სპეციალისტებს მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მიეცემათ. და ეს მოსალოდენილია, რადგან უკვე მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ ფ1-ის პოპულარობას უფრო სწრაფი და ლამაზი მანქანები სჭირდება. ცნობისათვის, მორიგი ტექნიკური რევოლუცია 2017 წლიდან არის მოსალოდნელი.
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ ნიუი კვლავაც ფ1-ითაა გატაცებული და როგორც კი რეგლამენტი „გათავისუფლდება“, ნიუი ისევ დაბრუნდება: „ვინ იცის? მას მოტივაცია არც ახლა აკლია. ამიტომ, თუ რეგლამენტი შეიცვლება და უფრო მეტ თავისუფლებას მოგვცემს, მაშინ მას საქმეში ჩართულობის აპეტიტი კვლავ აღეძრება. ის კარიერის და ცხოვრების იმ ეტაპზეა, როცა ერთი-ორ ახალი გამოწვევა სიამოვნებას მოუტანს. მაგრამ შინაგანად ის ისევ მრბოლი, გატაცებულია ფ1-ით და რა თქმა უნდა, ძალიან კომპეტენტურია“.
ნიუი ხერესის ტესტებს დაესწრო და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ფ1-ში ისევ ძრავების დომინირების დრო დაბრუნდა. „ფ1 მრბოლის, შასის და ძრავის ნარევი უნდა იყოს. ახლანდელი რეგლამენტი უპირატესობას ძრავებს ანიჭებს და ძალიან ზღუდავს შასის განვითარებას. ამიტომ, თუ ძრავის მწარმოებელი უპირატესობას აღწევს, შასის მწარმოებელს გაუჭირდება ისეთი რამის გაკეთება, რაც პირველის უპირატესობას გადაფარავს“, - განმარტავს ნიუი.

No comments:

Post a Comment