Tuesday, January 20, 2015

„ფორს ინდია“ ახალ VJM08-ს ტრეკზე ბარსელონაში გამოიყვანს

Force India to hold back their 2015 car, the VJM08, until Barcelona tests
20 იანვარი
„ფორს ინდია“ ფორმულა ერთის გუნდებს შორის პირველია, რომელიც თავის ახალ ბოლიდს, VJM08-ს გაგვაცნობს. ეს ხვალ მოხდება, მაგრამ როგორც გაირკვა, ტრეკზე მისი დებიუტი ბარსელონას ტესტებზე შედგება. ხერესის ტესტებზე კი ინდური საჯინიბო გასული სეზონის VJM07-თ ივარჯიშებს.
„ფორს ინდია“ აცხადებს, რომ VJM08-ს ტრასაზე გამოყვანის გადადება, სტრატეგიული მიზეზით ხდება. ბარსელონას პირველი ტესტები 19-22 თებერვალს გაიმართება, ანუ ხერესის ტესტებიდან ორი კვირის შემდეგ. და გუნდში თვლიან, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში, მანქანის სრულყოფაზე მუშაობა უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება, ვიდრე ტრეკზე მისი ნაადრევად გამოყვანა.
აღსანიშნავია, რომ VJM08-ს აეროდინამიკური სრულყოფისთვის, ინდურმა გუნდმა „ტოიოტას“ აეროდინამიკური მილი გამოიყენა, რომელიც კიოლნში მდებარეობს. საყოველთაო აღიარებით, ეს ამ ტიპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაგებობაა მთელს მსოფლიოში. და მას „ფორს ინდიას“ გარდა, სხვა გუნდებიც იყენებენ.
„ფორს ინდია“ პირველი გუნდი არაა, რომელიც პირველ ტესტებზე ახალი ბოლიდის გამოყვანისგან თავს იკავებს. „ლოტუსმა“ გასული სეზონის წინ, ტესტების დაწყება დააგვიანა, რისი მიზეზიც, ფინანსური პრობლემები იყო. ხერესის 2012 წლის ტესტებზე ახლის ნაცვლად, ძველი მანქანა გამოიყვანა „მერსედესმა“, რომელმაც ახალი ბოლიდის ტესტირება მოგვიანებით, ბარსელონაში დაიწყო.
„რედ ბულმა“ 2009 და 2010 წლებში ვალენსიას ტესტები გამოტოვა, მაგრამ ამის მიუხედავად, 2010 წელს ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის, მაშინ სეზონის წინ, ტესტების ოთხი სერია ტარდებოდა.

2015 წლის წინასასეზონო ტესტების განრიგი
1-4 თებერვალი: ხერესი (ესპანეთი)
19-22 თებერვალი: ბარსელონა (ესპანეთი)
26 თებერვალი-1 მარტი: ბარსელონა (ესპანეთი)

No comments:

Post a Comment