Saturday, January 3, 2015

„სუზუკი“ ტოკიოში „ჰასტლერ J სტაილს“ წარადგენს

Suzuki Hustler J Style to launch on January 9 – Japan
3 იანვარი
ტოკიოს ავტო სალონზე, რომელიც 9 იანვარს დაიწყება და სამი დღე გასტანს, „სუზუკი“ რამდენიმე ავტომობილით წარსდგება. მათ შორის იქნება კეიქარ „ჰასტლერის“ სპეც ვერსია „J სტაილი“. ეს ავტომობილი, იაპონიის საავტომობილო მკვლევართა და ჟურნალისტთა კონფერენციამ (RJC) 2015 წლის ავტომობილად დაასახელა და სპეც ვერსია სწორედ ამ აღიარებას ეძღვნება.
მყიდველს „ჰასტლერ J სტაილს“ ორ ფერში (ორიდან ერთი თეთრი იქნება და ამ ფერით სახურავი შეიღებება) გაფორმებულს შესთავაზებენ. გარდა ამისა, ის შუქდიოდური სანისლე ფარებით და ბამპერის თეთრი სეგმენტით გამოირჩევა. უკანა ნაწილს კი დაამშვენებს წარწერა „RJC Car of the Year“. სპეც ვერსია 15-დუიმიან ბორბლებზე დადგება. სიახლეებია სალონშიც. ესაა წინა სავარძლები გამათბობლებით, აუდიო სისტემის საჭის რგოლზე განლაგებული გადამრთველები, ასევე უკუსვლით პარკირების კამერა, რომელსაც მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 660 კუბური სანტიმეტრის მოცულობის სამცილინდრიანი ძრავი ანიჭებს, რომელიც სარქველების (ცილინდრზე 4 სარქველი მოდის) გახსნის ცვალებადი ფაზების სისტემითაა აღჭურვილი. მისი სიმძლავრე 51 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 63 ნიუტონმეტრი. ტრანსმისია არის როგორც წინა, ასევე სრულ ამძრავიანი. გადაცემათა კოლოფი კი უსაფეხურო ვარიატორია.
ტოკიოშივე, „სუზუკი“ მოდელ „ჰასტლერის“ კიდევ ორ კონცეპტუალურ ვერსიას წარადგენს. ესენია „ჰასტლერ როუდ ბაიკ სტაილი“ და „ჰასტლერ აუტდორ სტაილი“. მაგრამ თუ ამ ორის წარმოება არ იგეგმება, „J სტაილი“ ბაზარზე გამოვა. ამ სამის გარდა, იაპონური კომპანია ტოკიოში კიდევ ერთ კონცეპტს - „ალტო ტურბო RS-ს“ გამოფენს. ეს ავტომობილიც მალე ბაზარზე გამოვა.

No comments:

Post a Comment