დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 15, 2015

„ფორდ F-150 რეპტორი“ ეკობუსტით და ალუმინის ტანით

Ford F-150 Raptor gets EcoBoost V6, new chassis and aluminum body
15 იანვარი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დეტროიტის მოტორ შოუზე, ყველაზე შთამბეჭდავი ექსპოზიცია „ფორდს“ ჰქონდა. მის სტენდს ხომ სამი ისეთი ავტომობილი ამშვენებს, რომლებზეც ყველა ამერიკელი ოცნებობს. სუპერ ავტომობილ GT-ს გარდა, აქ შესაძლებელია „შელბი მუსტანგ GT350R-ის“ და „F-150 რეპტორის“ ნახვა. სამივე რადიკალურად განსხვავებულ ავტომობილია, თუმცა მათგან ორს - GT-ს და „რეპტორს“, საერთოც აქვს - ეკობუსტის V6.
GT უკვე გაგაცანით, ამჯერად „რეპტორის“ ჯერია. ის 3.5-ლიტრიანი წყვილ ტურბო კომპრესორიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მახასიათებლებსაც ცისფერი ოვალი ჯერ არ ამხელს, თუმცა გვპირდება, რომ ეს მომცრო ძრავი, ახლანდელი „რეპტორის“411-ცხენისძალიან 6.2-ლიტრიან ატმოსფერულ V8-ზე მძლავრია. ახალ ძრავთან, სრულიად ახალი, 10-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.
ისევე როგორც უახლესი სტანდარტული პიკაპი F-150, მისი ვერსია „რეპტორიც“ ალუმინის სტრუქტურაზეა აწყობილი, მსუბუქი მეტალის წყალობით კი წინამორბედთან შედარებით, წონაში 227 კილოგრამზე მეტი დაიკლო. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილის მახასიათებლებზე აისახება - ის უფრო სწრაფი, ეკონომიური და მანევრულიცაა.
„როდესაც ჩვენ პირველი რეპტორი შევქმენით, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ეს ავტომობილი ეფექტურია არამხოლოდ ქუჩასა და ტრეკზე, არამედ ცუდ გზებზეც, სადაც ის მფლობელს ბევრ სიამოვნებას მიანიჭებს. ორიგინალური რეპტორი და სრულიად ახალი F-150 ერთად თამასას სულ სხვა სიმაღლეს მიაღწევენ“, - ამბობს „ფორდის“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი რაჯ ნაირი, ვინც გლობალური წარმოების განვითარებას კურირებს.
ახალ „რეპტორის“ სიახლეები ამითაც არ ამოიწურება. ის უახლესი, სრულ ამძრავიანი ტრანსმისიითაც აღიჭურვა, რომელშიც კოლოფი „მომენტი მოთხოვნილებისამებრ“ შედის. გარდა ამისა, ცისფერი ოვალი მყიდველს ოპციის სახით „ტორსენის“ წინა ხიდის დიფერენციალსაც შესთავაზებს, რომელიც უგზოობისას ავტომობილის შესაძლებლობებს კიდევ უფრო აუმჯობესებს.
და ესეც არაა ყველაფერი. ახალ „რეპტორს“ მუშაობის ექვსი რეჟიმი გააჩნია, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ კალიბრში აქცევს ძრავის, ტრანსმისიის, ტრექშნ კონტროლის, ABS-ის და სტაბილურობის კონტროლის მუშაობას. ეს რეჟიმებია: ნორმალ - ყოველდღიური სარგებლობისთვის; სტრიტ - ასფალტზე ტემპერამენტიანი მართვისთვის; ვეთერ - წვიმიან, თოვლიან ამინდსა და მოყინულ გზებზე მართვისთვის; მად ენდ სენდ - ტალახიან და ქვიშიან გზებზე მოძრაობისთვის; ბახა - უდაბნოში მაღალი სიჩქარით მოძრაობისთვის (იგივე უდაბნოში რბოლისთვის); როკ - ქვიან და კლდოვან გზებზე დაბალი სიჩქარით მოძრაობისთვის.
ახალი „რეპტორი“, საბაზო F-150-ზე 150 მილიმეტრით განიერია, რაც უგზოობისას მის სტაბილურობას აუმჯობესებს. შეცვლილია საკიდარიც, რომლის დრეკად წყვილებსაც გაზრდილი სვლა აქვს. ავტომობილი 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „BFგუდრიჩის“ KO2 საბურავებითაა შემოსილი. ეს საბურავები უგზოობის პირობებისთვისაა შექმნილი.

No comments:

Post a Comment