Tuesday, January 27, 2015

„სუზუკი“ მოდელ „ვიტარას“ ვერსია „უებ ბლექ ედიშნს“ გამოუშვებს

2015 Suzuki Vitara Web Black Edition Arriving in Europe in March
27 იანვარი
მალე „სუზუკი“ ევროპაში ახალი, მეოთხე თაობის „ვიტარას“ გაყიდვას დაიწყებს, მისი „მახარობელი“ კი ავტომობილის საწყისი ვერსია „უებ ბლექ ედიშნ“ გახდება, რომელზეც შეკვეთების მიღებას, კომპანია თავის ვებ-გვერდზე  31 იანვარს დაიწყებს (რაზეც მის მეტსახელში სიტყვა უებ მიგვანიშნებს). ევროპის ბაზარზე კი ის ხელმისაწვდომი მარტიდან იქნება. შეგახსენებთ, რომ ახალი „ვიტარას“ მსოფლიო პრემიერა პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე გაიმართა.
მართალია, ახალი „ვიტარა“, თავის პატარა ნათესავ „ჯიმნივით“ (რომლის ახალი თაობაც ბაზარზე მომავალ წელს გამოვა) უგზოობაზე ორიენტირებული არ არის, მაგრამ არც ის თვისებები დაუკარგავს, რომლებმაც 1988 წლიდან პოპულარობა მოაპოვებინა. ამასთან, გაცილებით კომფორტულიც გახდება. სპეცვერსიის სახელი ასევე გვეუბნება, რომ მყიდველს მას მხოლოდ შავ ფერში გამოწყობილს შესთავაზებენ. 
საწყისი ვერსია „უებ ბლექ ედიშნი“ ბაზირებულია ახალი „ვიტარას“ ყველაზე მდიდრული შესრულების მოდიფიკაცია V-ტოპზე. მას ექნება პანორამული სახურავი, ალუმინის 17-დუიმიანი ბორბლები და ზამთრის სათადარიგო საბურავები. გარდა ამისა, ეკიპირებაშია 7 აირბალიში, ABS, სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი, ინფოტაინმენტ სისტემა 7-დუიმიანი სენსორული ეკრანით, სანვიგაციო სისტემით, ბლუთუთით, უკანა ხედვის კამერით და ავტომატური კლიმატ კონტროლით.
რაც შეეხება ძრავს, „უებ ბლექ ედიშნს“ მამოძრავებელი ძალით დიზელის 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 120 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 320 ნიუტონმეტრი. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს, რომლისგანც სრულ ამძრავიანი ტრანსმისია „ოლგრიპი“ მომენტს ყველა ბორბალს უნაწილებს.
ვერსია „უებ ბლექ ედიშნს“ „სუზუკის“ უნგრული ქარხანა გამოუშვებს. შეკვეთილი ავტომობილების მიწოდება მარტში დაიწყება. ავტომობილის ფასი 28 000 ევროა.

No comments:

Post a Comment