Wednesday, January 14, 2015

მეორე თაობის „შევროლე ვოლტის“ პრემიერა დეტროიტში

2016 Chevrolet Volt Fully Unveiled, Offers 50 Miles of All-Electric Driving Range
14 იანვარი
„შევროლე“ მალე მყიდველს თავისი პლაგ-ინ ჰიბრიდული „ვოლტის“ მეორე თაობას შესთავაზებს, პირველად კი ის დეტროიტის მოტორ შოუზე გამოფინა. გარდა იმისა, რომ შეიცვალა მისი აღჭურვილობა და გაუმჯობესდა საექსპლუატაციო მახასიათებლები - ახა „ვოლტს“ მხოლოდ ელექტრო ენერგიით 81 კილომეტრის გავლა შეუძლია, ის მყიდველს თავისი უფრო დახვეწილი გარეგნობით და ინტერიერითაც მიიზიდავს.
ახალი „ვოლტის“ წარდგენისას, „ჯენერალ მოტორსმა“ სიამაყით განაცხადა, რომ ავტომობილის სვლის სიშორე 644 კილომეტრზე მეტია. ჰიბრიდული სისტემა შიდაწვის ძრავისა და ორი ელექტრო ძრავისგან შედგება. პირველი სვლის სიშორის გაზრდას ემსახურება და მისი დანიშნულება, მხოლოდ ელექტრო ენერგიის გამომუშავებაა. ეს არის ბენზინის 1.5-ლიტრიანი აგრეგატი, რომლის სიმძლავრეც 101 ცხენის ძალაა. ორი ელექტრო ძრავი კი ჯამში 149 ცხენის ძალას და 398 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
„ჯენერალ მოტორსის“ მონაცემებით, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად საშუალოდ 5.73 ლიტრი საწვავი სჭირდება. ამერიკული კომპანია სიამაყით გვამცნობს, რომ ჰიბრიდული სისტემა „ვოლტეკის“ ახალი ვერსია, წინამორბედზე 12 პროცენტით ეფექტური და 45 კილოგრამით მსუბუქია. ახალ ვოლტს ადგილიდან 50 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 2.6 წამი ჰყოფნის, ასს კი 8.4 წამში აღწევს (წინამორბედზე 19 და 7 პროცენტით ნაკლები დრო).
ელემენტების ბლოკის ტევადობა 18.4 კილოვატსაათამდე გაიზარდა (17.2-დან). არადა, ბლოკში შემავალი ელემენტების რიცხვი, 96-ით, 192-მდე შემცირდა. შესაბამისად, ბლოკმა წონაში 9.8 კილოგრამი დაიკლო. დაბალვოლტაჟიანი (120 ვოლტი) დასამუხტი მოწყობილობით, ელემენტების ბლოკის სრულად დამუხტვას 13 საათი სჭირდება, სწრაფად დასამუხტი მოწყობილობა (240-ვოლტიანი) კი ამ საქმეს 4.5 საათში აგვარებს.
ახალი „ვოლტი“ გარეგნულადაც შეიცვალა. მართალია, მასში უმალ ამოიცნობთ „ვოლტს“, მაგრამ წინამორბედთან განსხვავებაც აშკარაა. და მაინც, „შევროლე“ ამას დიზაინის ევოლუციურ განვითარებას უწოდებს. ამერიკული კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ „მეორე თაობის „ვოლტის“ დიზაინი, ათლეტების აღნაგობისა და ქარით ქვიშაში ბუნებრივად გამოყვანილი ფორმების შთაგონებითაა შემუშავებული“.
ინტერიერში ხუთი ადგილია. მაჩვენებლების დაფა და მულტიმედიური სისტემის ეკრანი ციფრულია. ამასთან, მეორე ეკრანი სენსორულია. ორივე რვადუიმიანია. გადამრთველები ინტუიციურია. სენსორული ეკრანი ცენტრალური კონსოლის ზედა, შუა ნაწილშია განლაგებული და ის Chevrolet MyLink სისტემის ნაწილს წარმოადგენს.
სტანდარტულ ეკიპირებაში შედის უკანა ხედვის კამერა, უსაფრთხოების ათი აირბალიში, ასევე უსაფრთხოების აქტიური სისტემები. მათ შორისაა ზოლში მოძრაობის დამხმარე, რომელშიც შედის ზოლიდან გასვლის გამაფრთხილებელი ფუნქცია, უხილავი ზონების გამაფრთხილებლები, წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელი, რომელსაც დისტანციის ინდიკატორიც აქვს, წინა მუხრუჭების ავტომატურად ამოქმედების სისტემა, ასევე პარკირების დამხმარე სისტემა, რომელსაც ნახევრად ავტომატური პარალელური პარკირება შეუძლია.

No comments:

Post a Comment