Sunday, January 18, 2015

„კადილაკმა“ დეტროიტში თავისი უმძლავრესი ავტომობილი გვიჩვენა

Cadillac reveals new 640bhp CTS-V
18 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუზე, „კადილაკმა“ თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელის, CTS-V-ს მსოფლიო პრემიერა ჩაატარა და არ დაუმალავს, რომ ამ ავტომობილით, გერმანულ პრემიუმ კომპანიებთან მეტოქეობას აპირებს. და ამისათვის საჭირო პირველი იგრედიენტი კაპოტქვეშ განათავსა. CTS-V-ს ძრავის 640 ცხენის ძალა ფორას აძლევს „ბეემვე M5-ის“ 600 ცხენს და „მერსედეს-ბენც E63 AMG-ს“ 585 ცხენს.
ეს „საოცარი“ ძრავი არის 6.2-ლიტრიანი V8 და მას მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. მისი 640 ცხენის ძალა და 855 ნიუტონმეტრი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 3.7 წამში აკრიფოს, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 320 კილომეტრს აღწევს. ძრავთან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს.
როგორც ამერიკული კომპანია ამბობს, სტანდარტულ სედან CTS-სთან შედარებით, მისი ვერსია CTS-V-ს მზიდი სტრუქტურის გრეხვითი ძალებისადმი მედეგობა 25 პროცენტით არის გაზრდილი. ამასთან, გაგანიერდა წინა და უკანა ბორბლების კვალი. ავტომობილი 1880 კილოგრამს იწონის, ანუ 65 კილოგრამით მსუბუქია „ბეემვე M5-ზე“ და 10 კილოგრამით მძიმეა „მერსედეს-ბენც E63 AMG-ზე“.
ახალი „კორვეტ სტინგრის“ მსგავსად, CTS-V-ს გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი ელექტრონიკითაა მართვადი, საკიდარი კი რეგულირებადი მაგნიტური ამორტიზატორებითაა აღჭურვილი. სამუხრუჭო სისტემა „ბრემბოს“ წარმოებისაა. წინა ბორბლებში მოთავსებულია 390-მილიმეტრიანი წყვილი დისკოები, რომლებსაც ექვსცილინდრიანი დამჭერები ემსახურება, უკან კი 365-მილიმეტრიან, ასევე შეწყვილებულ დისკოებს ოთხცილინდრიანი დამჭერები ემსახურება. ბორბლები ალუმინისაა, 19-დუიმიანია. ამერიკული კომპანია ირწმუნება, რომ ამ მუხრუჭებით, ავტომობილი ტრეკზეც არ შეირცხვენს თავს.
უზადო შესაძლებლობების ათვისებაში, CTS-V-ს ხელს მისი ფუნქციურად გამართული ძარის ელემენტებიც უწყობს. ისინი მსუბუქი და აეროდინამიკურად დახვეწილია. კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა კაპოტი და აეროდინამიკური ელემენტები, მათ შორის, სპლიტერი, დიფუზორი და უკანა ანტი ფრთა. სალონში „რეკაროს“ სპორტული სავარძლები განლაგდა. მძღოლის (პილოტის) განკარგულებაშია სისტემა „პერფორმენს დეიტა რეკორდერი“, რომელიც სატრეკო „გასეირნებისას“, ვიდეო და ტელემეტრიული მონაცემების ნახვის საშუალებას იძლევა.
ამერიკაში CTS-V-ს გაყიდვები ზაფხულის ბოლოს დაიწყება, ევროპის ბაზარზე კი ის მომავალი წლის გაზაფხულზე შევა.

No comments:

Post a Comment