Buick Avenir is a Beautiful Concept for a
Flagship Sedan
15 იანვარი
იმ დროს, როდესაც „ოპელმა“ უარი თქვა საკუთარ ფლაგმანურ
სედანის გამოშვებაზე, მისმა ამერიკელმა ნათესავმა „ბიუიკმა“, დეტროიტის მოტორ
შოუზე, სწორედ მომავალი ფლაგმანის კონცეპტუალური ვერსია, სახელად „ავენირი“
წარადგინა. ამ ორი კომპანიის ერთ კონტექსტში მოხსენიების მიზეზი ალბათ არ
გაგიკვირდებოდათ - ისინი ხომ ერთიდაიმავე მოდელების საკუთარ ვერსიებს აწარმოებენ
და თუ „ოპელი“ თავის ბრიტანელ ტყუპისცალ „ვოქსოლთან“ ერთად, ევროპულ ბაზარზეა
ორიენტირებული, „ბიუიკის“ არეალი ამერიკა და ჩინეთია.
სწორედ ამ ორი უდიდესი ბაზრის თავისებურება, გამაში ფლაგმანის არსებობას მოითხოვს.
და როგორც ჩანს, „ჯენერალ მოტორსის“ ამერიკული ბრენდი ამ თავისებურებას ითვალისწინებს.
„ავენირი“ სწორედ ამის ნიშანია. თანაც, მარკეტოლოგებმა ავტომობილს ისეთი სახელი
შეურჩიეს, რომელიც ფრანგულად „მომავალს“ ნიშნავს.
კონცეპტუალური სრულ გაბარიტიანი სედანი, „ბიუკის“ დიზაინერთა
ჯგუფმა შეიმუშავა, რომელთა თქმითაც, პროექტზე მუშაობისას, შთაგონების წყაროდ,
ბრენდს ისტორიული კონცეპტუალური მოდელები, მათ შორის, „რივიერა“ გამოიყენეს.
როგორც „ჯენერალ მოტორსის“ გლობალური დიზაინის ვიცე პრეზიდენტი ედ ველბურნი
ამბობს, „ავენირი“ „ბიუიკის“ სტილის განსახიერებაა, რომელიც ერთდროულად, მშვენიერებასა
და უპრეტენზიობას ეყრდნობა. მისივე თქმით, კონცეპტი გვიჩვენებს (ბრენდის სტილის) იმ
მიმართულებას, რომელსაც „ბიუიკი“ გაჰყვება.
კონცეპტუალური ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეული გარეგნული ნიშანი, მისი რადიატორის ცხაურის ფორმაა, რომელსაც კომპანიის
სამფარიანი ლოგო ამშვენებს. ამასთან, ფარებს ტრადიციული ფერები - წითელი,
ვერცხლისფერი და ლურჯი შეფერილობა დაუბრუნეს. სხვათა შორის, თავისი მოყვანილობით, ცხაური
„ოპელის“ ანალოგიურ ელემენტს მოგაგონებთ. როგორც „ჯენერალ მოტორსის“ საერთაშორისო
ოპერაციების ვიცე პრეზიდენტი მაიკლ სიმკოე ამბობს, რადიატორის ასეთი ფორმა, 1954 წლის
კონცეპტ „ვილდქეტII-ის“ ახლებური ინტერპრეტაციაა.
კონცეპტუალური ავტომობილის სიგრძე 5 195
მილიმეტრია, სიგანე კი - 1 931 მილიმეტრი. მის კაპოტქვეშ კი „მომავალი თაობის“ V6
ძრავია განლაგებული, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის და
ცილინდრების დეაქტივაციის სისტემები ემსახურება. გარდა ამისა, ავტომობილი სისტემა სტოპ-სტარტითაცაა
აღჭურვილი. ძღავთან წყვილში კი 9-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია მუშაობს,
რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს უნაწილებს.
No comments:
Post a Comment