Saturday, January 31, 2015

„ზაუბერი“ ქულებისთვის იბრძოლებს

Motor racing-Sauber focus on the future after dismal 2014
31 იანვარი
უკვე 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ზაუბერი“ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს და გასული სეზონი მისთვის არნახულად წარუმატებელი იყო. ამიტომ, ახალი სეზონის წინ, შვეიცარიული გუნდი თავის უპირველეს ამოცანად, ქულების მოგროვებას და კონსტრუქტორთა პირველობაზე წინ წაწევას გეგმავს.
„ზაუბერმა“ უკვე გვიჩვენა თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი C34, რომელიც გუნდისთვის უჩვეულო, ლურჯ და ყვითელ ფერებშია გამოწყობილი. ეს კი პირველ რიგში, ახალი სპონსორების „დამსახურებაა“. და გუნდს ორი ახალი პილოტი ჰყავს - ბრაზილიელი ახალბედა ფელიპე ნასრი და „კატერჰემიდან“ გადმოყვანილი შვედი მარკუს ერიკსონი.
„გასული სეზონით გაწბილებულები დავრჩით, მაგრამ ეს წარსულში დარჩა. ახლა ჩვენ ახალ სეზონზე ვართ ფოკუსირებულნი. სირთულეებმა ბევრი რამ გვასწავლა, რაც ოპტიმიზმს გვძენს. ყოველ შემთხვევაში, შედეგები უნდა გამოვასწოროთ და ქულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, - ამბობს „ზაუბერის“ შეფი მონიშა კალტენბორნი.
ახალი ავტომოიბლის შემუშავებისას, რომელსაც ისევ „ფერარის“ ძრავი აქვს, ინჟინრებმა სამი მიმართულებით გაამახვილეს ყურადღება. ესენია სისწრაფე ნელ მოსახვევებში, წონის შემცირება და მუხრუჭების სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ინჟინრებმა ბევრი იმუშავეს აეროდინამიკაზე, რომელზეც ჩაჭიდების გაუმჯობესების და ჰაერის შემხვედრი ნაკადისადმი წინააღმდეგობის შემცირების გარდა, ავტომობილის ბალანსიცაა დამოკიდებული.
წინა სეზონის C33-ისგან ყველაზე მეტი განსხვავება, ფერის გარდა, მანქანის წინა ნაწილში შეინიშნება. ის უფრო დაბლაა დაწეული და უფრო მსხვილიცაა, რაც რეგლამენტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაკეთდა. ამან კი მთელი მანქანის აეროდინამიკა შეცვალა, რადგან სწორედ აქედან იწყება ჰაერის ნაკადის განაწილება, რაც გზის საფართან მის ჩაჭიდებასა და ბალანსზე ახდენს გავლენას. ცხვირის ზედა მხარე ბრტყელია, ქვედას კი „მუცელი“ აქვს, რაც კოანდას ეფექტის გამოყენების საშუალებას იძლევა და ჰაერის ნაკადს იმ მიმართულებას აძლევს, რაც ზევით აწეული ცხვირის შემთხვევაში ექნებოდა.
პრაქტიკულად არ შეცვლილა წინა საკიდარი. სამაგიეროდ, „ზაუბერმაც“ მოახერხა რადიატორების კომპაქტურ „ყუთებში“ მოთავსება. გუნდმა გამოაცხადა, რომ პირველ ტესტებზე ავტომობილის იმ ვარიანტს გამოცდის, რომელზეც ზოგ დეტალს წინა მანქანიდან დააყენებენ, თუმცა მომდევნო ტესტების მსვლელობისას, ყველა დეტალი ახლით შეიცვლება. ამგვარად, ინჟინრებს საშუალება ექნებათ გაიგონ, რამდენად კარგად მუშაობს ახალი დეტალები.
რეგლამენტის შესაბამისად, 691-დან 702 კილოგრამამდე გაიზარდა ავტომობილის წონა, რაც ძირითადად ბალასტის ხარჯზე მოხდა. ბალასტი ინჟინრებს სხვადასხვა ტრასაზე წონის განსხვავებულად განაწილების საშუალებას მისცემს, რაც მანქანისთვის დადებითი თვისებაა. შემცირებულია ავტომობილის უკანა ნაწილის განივკვეთი, რაც ჰაერის ნაკადს თავისუფალი მოძრაობის საშუალებას აძლევს. ასევე შეიცვალა უკანა საკიდარის ბერკეტების სისტემაც. „ფერარის“ წინა საკიდარის მსგავსად, C34-ის უკანა საკიდარი ისევ გამწევბერკეტიანია. და რა თქმა უნდა, შვეიცარიულმა გუნდმა „ფერარისგან“ საფუძვლიანად განახლებული აგრეგატი მიიღო.

No comments:

Post a Comment