Wednesday, January 21, 2015

„ფორს ინდიამ“ ფერი იცვალა

Force India F1 team reveals new 2015 colour scheme
21 იანვარი
რა თქმა უნდა, ფერები მთავარი არაა, მაგრამ მაინც - ამიერიდან, „ფორს ინდია“ თავისი ეგზოტიკური შეფერილობით აღარ იქნება გამორჩეული. ამიერიდან, მის ბოლიდებზე დომინანტი ფერები შავი და ვერცხლისფერია, ძველი ფერებიდან კი ფორთოხლისფერი შემორჩა, რომელიც ორ ძირითად ფერს „აშორებს“ ერთმანეთისგან. სხვათა შორის, მიზეზთა გამო, ინდური გუნდის ახალი შეფერილობა, უფრო „მაკლარენისთვის“ იქნებოდა შესაფერისი, რომლისგანაც ახალ სეზონში, ასევე ფერთა რადიკალური ცვლილებაა მოსალოდნელი.
VJM08 წინა სეზონის ბოლიდის ევოლუციური ვერსიაა. ეს კი მეტწილად ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებებმა განაპირობა, რომელიც ბოლიდების ცხვირის ნაწილს ეხება. გარდა ამისა, ავტომობილზე აეროდინამიკურად დამუშავდა რადიატორების კორპუსები და ჰაერის ამღების ფორმები. შეიცვალა უკანა საკიდარის სისტემა, სადაც ტორსიონული დრეკადი ელემენტები, ჰიდრო-მექანკური სისტემებით შეიცვალა.
მართალია, ავტომობილი პრაქტიკულად მზადაა ტრეკზე გამოსასვლელად, თუმცა გუნდმა გადაწყვიტა, რომ ტრეკზე მისი ტესტირება ხერესში კი არა, ბარსელონაში დაიწყოს. მისი შეფი, ინდოელი მილიარდერი ვიჯეი მალია ამბობს, რომ ახალ სეზონში, „ფორს ინდია“ დიდ გუნდებთან ტოლსწორად პაექრობას აპირებს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ინდური გუნდი „მაკლარენს“ მცირედით ჩამორჩა.
ერთ-ერთი მთავარი სიახლე ისაა, რომ VJM08-ს აეროდინამიკური სრულყოფის პროცესი „ტოიოტას“ აეროდინამიკურ მილში აქვს გავლილი, რომელიც კიოლნში მდებარეობს. მასში 60-პროცენტიანი მოდელის ტესტირებაა შესაძლებელი, როცა „ფორს ინდიას“ კუთვნილ მილში, მხოლოდ 50-პროცენტიანი მოდელის გამოცდა შეიძლება. როგორც მალია ამბობს, ეს მისი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია. ამასთან, ის დასძენს, რომ ახალი ბოლიდი თავის რეალურ შესაძლებლობებს სეზონის ევროპული ნაწილის დაწყებისთანავე გამოავლენს.
რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდს ჰყავს ისეთი შესანიშნავი პილოტები, როგორებიც არიან მექსიკელი სერხიო პერესი და გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი, რომელთაგანაც მალია ხშირ კვარცხლბეკებს გვპირდება.

No comments:

Post a Comment