დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, January 20, 2015

„ფორდმა“ ახალ „მუსტანგზე“ ბრიტანეთში შეკვეთების მიღება დაიწყო

2015 Ford Mustang priced from £28,995
20 იანვარი
ეს მოვლენა იმითაა საინტერესო, რომ ამიერიდან ბრიტანელ, ავსტრალიელ და იაპონელ მყიდველს, მარჯვენასაჭიან „მუსტანგს“ შესთავაზებენ. „ფორდმა“ ბრიტანელებისგან ახალ „მუსტანგზე“ შეკვეთების მიღება დღეს დაიწყო. ალბიონელთათვის განკუთვნილი „მუსტანგის“ ძრავების გამაში მხოლოდ ორი აგრეგატია - 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ეკობუსტი 310 ცხენის ძალით და 5.0-ლიტრიანი V8, რომლის სიმძლავრეც 412 ცხენის ძალაა.
ცისფერი ოვალი წელიწადნახევარში ხუთლიტრიანი აგრეგატის უფრო მძლავრ ვერსიასაც გამოუშვებს, რომლის სიმძლავრეც 500 ცხენის ძალას მიაღწევს. გარდა ამისა, ამერიკის ბაზარზე ძრავების გამაში 3.7-ლიტრიანი V6 ძრავიც შედის. ძრავებს 6-საფეხურიანი მექანიკური და ავტომატური კოლოფები უწყვილდება.
ბრიტანეთში „მუსტანგი“ ფასტბეკის და კაბრიოლეტის ძარებით გაიყიდება. ბრიტანულ ბაზარზე გასაყიდი „მუსტანგი“ ალუმინის 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებშიც სპორტული მუხრუჭები განლაგდა. წინა ფარები ქსენონისაა, უკანები - შუქდიოდური. უკან ავტომობილს დიფუზორი ამშვენებს. ალბიონსთვის 10 ფერია შერჩეული, მათ შორის, ყვითელი და ფორთოხლისფერი. სალონში კომფორტს ემსახურება ორზონიანი კლიმატ კონტროლი, გართობას და კავშირს - ინფოტაინმენტ სისტემა „სინქ2“, რომელშიც 8.0-დუიმიანი სენსორული ეკრანი და 9 სპიკერი შედის.
„ფორდმა“ ახალი „მუსტანგის“ მსოფლიო პრემიერა დეტროიტის გასული წლის მოტორ შოუზე გამართა. ეს ავტომობილი, ამერიკული კომპანიის დევიზის - „ერთი ფორდის“ გათვალისწინებითაა შემუშავებული. ანუ, ყველა ბაზრისთვის ერთი და იგივე ავტომობილი მზადდება. თუმცა, როგორც კომპანია აცხადებს, ამის მიუხედავად, „მუსტანგს“ თვითმყოფადობა არ დაუკარგავს. სხვადასხვა რეგიონებში გასაყიდ „მუსტანგებს“ შრის სხვაობა მხოლოდ ისაა, რაც კონკრეტულ ბაზრებზე მისი ჰომოლოგაციისთვის იყო საჭირო. „მთავარი რეცეპტი კი ყველგან ერთია“. ყველაზე დიდი სიახლე ისაა, რომ ავტომობილს უკან დამოუკიდებელი საკიდარი აქვს, რაც სვლის ხარისხს აუმჯობესებს.
ალბიონელებისთვის „მუსტანგის“ საბაზო ფასი 28 995 გირვანქა სტერლინგია.

No comments:

Post a Comment