Monday, January 19, 2015

„ჰონდა“ ალონსოს ლე მანზე არ უშვებს

Honda Scuppers Alonso’s Plan to Race in Le Mans for Porsche
19 იანვარი
ადრე ფორმულა ერთის პილოტები სხვადასხვა სარბოლო სერიებშიც ასპარეზობდნენ, მაგალითად, ჯიმ კლარკს 1965 წელს, როცა პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ინდი 500-ც აქვს მოგებული. ლე მანზე ორჯერ მეორე იყო, ინდი 500-ზეც ორჯერ მეორე. ეს ლეგენდარული ამერიკული რბოლა, ფ1-ის კიდევ ერთ ჩემპიონს, გრემ ჰილსაც აქვს მოგებული. სხვათა შორის, ფ1-მდე პროტოტიპების რბოლებში რამდენჯერმე იასპარეზა მიხაელ შუმახერმა.
მაგრამ კომერციალიზაციამ ეს ეპოქა წარსულს დაუტოვა. ფ1-ის გუნდებს აღარ სურთ, რომ მათმა პილოტებმა, რომლებსაც მილიონებს უხდიან, სხვა სერიებშიც იასპარეზონ და ამით, მათ მიერ გაღებული ინვესტიციები რისკის ქვეშ დააყენონ. სხვა სერიების ვარსკვლავებში ასეთი ჩაკეტილობა ნაკლებად შეინიშნება - რალის მსოფლიო ჩემპიონის ცხრა ტიტულის მფლობელი სებასტიან ლოები ყველგან ასპარეზობს, სადაც კი ხელი მიუწვდება. მაგალითად, მან პაიკს პიკი დალაშქრა, ტურინგის კლასის მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთო, გამოდის გამძლეობაზე რბოლების სერიებში და ამ სეზონს რალის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპით, მონტე კარლოს რალით დაიწყებს.
და თითქოს, ნავსი ფ1-შიც გატყდა - „ფორს ინდიამ“ თავის გერმანელ პილოტ ნიკო ჰულკენბერგს „პორშესთან“ ერთად, ლე მანზე გამოსვლის უფლება მისცა. როგორც ირკვევა, „პორშეს“ ფერნანდო ალონსოს გადაბირებაც სურდა, რათა ლე მანზე თავისი მესამე ეკიპაჟიც დაეკომპლექტებინა. თავად ესპანელსაც სურდა გამძლეობაზე რბოლისთვის გემოს გასინჯვა, მაგრამ „ჰონდა“ ამის უფლებას არ აძლევს.
არადა, წლევანდელი ლე მანი 13-14 ივნისს ტარდება, კანადის და ავსტრიის დიდ პრიზებს შორის, რაც ლე მანზე გამოსვლის საშუალებას, ფ1-ის პილოტებსაც აძლევს. სხვათა შორის, ეს FIA-ს პოლიტიკის შედეგია, რომელიც ცდილობს, რომ ფ1-ის ეტაპები, მის მიერ ორგანიზებულ სხვა დიდ რბოლებს არ დაემთხვეს. მაგრამ „ჰონდას“ არ სურს, რომ მისი სადებიუტო კამპანია რისკის ქვეშ აღმოჩნდეს - ის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს უზარმაზარ თანხას უხდის.
მას შემდეგ, რაც ალონსოს დათანხმება ვერ შეძლო, „პორშემ“ მოლაპარაკება „ზაუბერის“ აწ უკვე ყოფილ პილოტ ადრიან სუტილთან დაიწყო, მაგრამ კონტრაქტი არც მასთან გაუფორმებია, რადგან სუტილს ამის უფლებას შვეიცარიული გუნდი არ აძლევს, რომელსაც ამის უფლება, გერმანლთან ჯერაც მოქმედი კონტრაქტით აქვს.

No comments:

Post a Comment