Saturday, January 17, 2015

ალ-ატიამ ლიდერობა განიმტკიცა

Dakar leaders heading into the final day
17 იანვარი
დაკარის რალი-მარათონი დასასრულს მიუახლოვდა. ყატარელმა ნასერ ალ-ატიამ (მინი) ბოლო ეტაპის წინ, კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა და როგორც ჩანს, ამ ურთულეს რბოლას მეორედ მოიგებს. ბოლო ეტაპის წინ, ის 35 წუთს უგებს უახლოეს მდევარს სამხრეთ აფრიკიდან, გინიელ დე ვილიერსს (ტოიოტა). მესამეზე კი პოლონელმა კრჟიშტოფ ჰოლოვჯიჩმა (მინი) გადაინაცვლა, რომელმაც საუდელი იაზიდ ალ რაჯის უიღბლობით ისარგებლა.
ალ-ატიამ მე-11 ეტაპიც მოიგო, თუმცა დე ვილიერსთან, რომელიც ფინიშთან მესამე მივიდა, უპირატესობა მხოლოდ 39 წამით გაზარდა. ამგვარად, მან მეექვსე სპეცმონაკვეთი მოიგო და პრაქტიკულად გაინაღდა დაკარის მეორე ტიტული. თუმცა, მე-11 ეტაპზე ისე იასპარეზა, თითქოს უპირატესობა საერთოდ არ ჰქონია. მეორე დრო ისევ არგენტინელ ორლანდო ტერანოვას (მინი) ჰქონდა, რომელიც გამარჯვებისთვის აღარ იბრძვის, თუმცა ამით მის მოტივაციას არაფერი დაჰკლებია.
ნასერ ალ-ატია
შესანიშნავად იასპარეზა ლიტველმა ბენედიკტას ვანაგასმა (ტოიოტა), რომელიც ალ-ატიას 40 წამით ჩამორჩა და ფინიშის ხაზი მეოთხემ გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ ეს ლიტველი მრბოლის მხოლოდ მესამე დაკარია. მისგან განსხვავებით, არ გაუმართლა ალ რაჯის (ტოიოტა), რომელსაც სპეცმონაკვეთის დაწყებამდე დაუზიანდა ავტომობილი და რბოლას გამოეთიშა.
მე-12 ეტაპი ტერანოვამ მოიგო, რომლისთვისაც ეს მეოთხე გამარჯვებაა. თუმცა, ის ალ-ატიას 7 საათით ჩამორჩება და გამარჯვების შანსი კი არა, ათეულში შესვლასაც ვერ მოახერხებს. არადა, ამ ეტაპის მოგების გარდა, წინა სამი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და რბოლის მე-4 ეტაპზე განცდილი უიღბლობა რომ არა, შესაძლოა ალ-ატიას მთავარი მეტოქე სწორედ ის ყოფილიყო.

No comments:

Post a Comment