Sunday, December 7, 2014

FXX K – „ფერარი ლაფერარი“ სტეროიდებზე

1,050PS Ferrari FXX K Is a LaFerrari on Steroids
7 დეკემბერი
„სტეროიდების“ წყალობით, ამ ავტომობილის პილოტის განკარგულებაში 1050 ცხენის ძალაა. მის სისხლძარღვებში ადრენალინის მოზღვავებას კი მარტო ის ხმაც განაპირობებს, როგორიც ფორმულა ერთს სანატრელი გაუხდა. მარანელოში მხოლოდ 40 ცალი FXX K-ს დამზადებას აპირებენ და მისი სიძვირის მიუხედავად, ყველაზე შეკვეთა უკვე მიღებულია. სახელში K სისტემა KERS-ს (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) აღნიშნავს, რომელიც სიმძლავრის გასაზრდელადაა გამოყენებული.
ისევე როგორც წინამორბედ „ენცოს“ სატრეკო ვერსია FXX, უახლესი FXX K-ც ერთგვარი „ავტომობილი ლაბორატორიაა“, რომელსაც მომხმარებელი აფინანსებს. რა თქმა უნდა, ეს გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი, რადგან ავტომობილი მის მფლობელის საკუთრებად ითვლება, თუმცა შენხვას თავად მწარმოებელი კისრულობს და რა თქმა უნდა, მომსახურებაც მასზევეა. უფრო მეტიც, იტალიური კომპანია კლიენტს ავტომობილს იქ მიჰგვრის, სადაც ის ისურვებს. რა თქმა უნდა, ტრეკი იგულისხმება, სადაც მანქანას „ფერარის“ ტექნიკური პერსონალიც გაჰყვება.
სატრეკო FXX K-ს ჰიბრიდული აგრეგატი 1050 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ანუ სტანდარტული „ლაფერარის“ აგრეგატზე 87 ცხენით მეტს. უფრო მეტიც, მისი სიმძლავრე 50 ცხენის ძალით სჯობს უშუალო კონკურენტ „მაკლარენ P1 GTR-ის“ ჰიბრიდული აგრეგატის სიმძლავრეს. FXX K-ს ჰიბრიდული აგრეგატი მოიცავს 6.3-ლიტრიანი ატმოსფერულ V12 ძრავს, რომელიც 860 ცხენის ძალას იძლევა და ელექტრულ ძრავს, რომლის მაქსიმუმიც 190 ცხენის ძალაა. აგრეგატის ჯამური მაქსიმალური მომენტი 900 ნიუტონმეტრია.
V12 ძრავის სიმძლავრე, სტანდარტულ ვარიანტთან შედარებით, 60 ცხენის ძალით არის გაზრდილი. ინჟინრებმა ამას ახალი გამანაწილებელი ლილვების, სარქველების ბუდეების და ჰიდრავლიკური მბიძგველების ნაცვლად, მექანიკურების გამოყენებით მიაღწიეს. უკეთ დამუშავდა შემშვები კოლექტორის შიდა მილები, გამოსაბოლქვ სისტემას კი მაყუჩები მოაშორეს. სრულყოფის პროცესი სისტემა HY-KERS-საც შეეხო. პილოტს მისი მუშაობის ოთხი რეჟიმის შერჩევა შეუძლია. ესენია საკვალიფიკაციო, რომელიც მაქსიმალურად იყენებს აგრეგატის შესაძლებლობებს, ოღონდ ამ რეჟიმში ძალიან ცოტა წრის გავლაა შესაძლებელი; მეორეა ლონგ რან, ანუ ხაგრძლივი გამოსვლა. ამ შემთხვევაში მთავარი მახასიათებლების სტაბილურობაა; მესამეა მენუალ ბუსტ, რომელიც მყისიერ მაქსიმალურ მომენტს იძლევა; და მეოთხეა ფასტ ჩეირჯ, რომლის დროსაც, სისტემის ელემენტების ბლოკი სწრაფად იმუხტება ენერგითი.
რა თქმა უნდა, მარანელოელებმა თავიანთ სიამაყეს აეროდინამიკაც დაუხვეწეს. FXX K-ს ცხვირში სპოილერების სამშრიანი სისტემა განლაგდა, რომელსაც ხშირად სპლიტერადაც მოვიხსენიებთ. პრინციპში, ამ სამიდან ერთი, ყველაზე დაბლა მოთავსებული და შუაზე გაყოფილი სპლიტერია და ორი - სპოილერი. ამ ტიპის ელემენტები „ფერარიმ“ GT კატეგორიის სარბოლი ავტომობილიდან გადმოიღო, რომლითაც გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობს. უკან ყველაზე დიდი სიახლე, კიდეებში მოთავსებული, პატარა ფრთოვანებია, რომელთა შორისაც, სტანდარტული ზომის, ავტომტურად დასაკეცი ანტი ფრთა განლაგდა, რომელიც დაბალ სიჩქარესა და უმოძრაობისას, ძარის უკანა ნაწილშია ჩამალული. მას ორივე კიდეში წვრილი ფარები აბოლოებს. ახალი აეროდინამიკა, დაბალი წინააღმდეგობის კონფიგურაციით (მაღალ სიჩქარეზე), 50 პროცენტით მეტ ჩაჭიდების ძალას იძლევა, მაღალი წინააღმდეგობის კონფიგურაციით კი (დაბალ სიჩქარეზე), ჩაჭიდება 30 პროცენტით იზრდება. 200 კმ/სთ სიჩქარეზე ჩაჭიდების ძალა 540 კილოგრამით იზრდება.
სატრეკო ავტომობილი „პირელის“ სლიკ საბურავებით შემოსილ ბორბლებზე დგას. ისინი სპეციალური სენსორებითაა აღჭურვილი, რომლებიც გრძივ, განივ და რადიალურ აჩქარებას, ტემპერატურას და წნევას ზომავს. „ფერარი“ FXX K-ს დინამიკურ მახასიათებლებს და ფასს არ აქვეყნებს. თქმა არ უნდა, სატრეკო ავტომობილი სტანდარტულ „ლაფერარიზე“ სწრაფი და მანევრულიცაა და ძვირიც. გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ეს ავტომობილი 3 მილიონი დოლარი ღირს და მხოლოდ 40 ცალი დამზადდება. მარანელოელებს ყველა მათგანზე შეკვეთები უკვე მიღებული აქვთ.

No comments:

Post a Comment