Sunday, December 7, 2014

„ფორდი“ პიკაპ F-150-ის ჰიბრიდულ ვერსიაზე მუშაობს

Ford exec: Cheap gas could slow fuel-economy gains
5 დეკემბერი
ნავთობის ფასის შემცირების კვალობაზე, საავტომობილო საწვავის ფასიც მცირდება და შესაბამისად, ამერიკის ბაზარზე უკვე შეინიშნება დიდგაბარიტიან ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა. თუმცა, ამის მიუხედავად, „ფორდი“ ტრენდს კვლავაც აგრძელებს და თავისი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, პიკაპ F-150-ის ჰიბრიდულ ვერსიას ამზადებს. ამის შესახებ, „ფორდის“ გლობალური პროდუქციის განვითარების შეფმა რაჯ ნაირმა განაცხადა.

მისი თქმით, პიკაპ F-150-ის მყიდველმა უკვე კარგად მიიღო სერია ეკობუსტის მცირელიტრაჟიანი, თუმცა მძლავრი და ეკონომიური ტურბო ძრავები. ამ ძრავებს, ტურბო კომპრესორთან ერთად, საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემაც ემსახურება და ამის ხარჯზე, მრავალცილინდრიანი ძრავების დონის სიმძლავრეს იძლევა და მცირელიტრაჟიანი ძრავებივით ეკონომიურია. ამ სერიის ძრავებით უკვე „მუსტანგი“ და „ლინკოლნის“ უგზოობის კომპაქტური MKC-იც კი აღიჭურვა.
ნაირი ამბობს, რომ მისი კომპანია ინტენსიურად მუშაობს ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი პიკაპ F-150-ის შესაქმნელად. ოღონდ, ის არ აზუსტებს ჰიბრიდული სისტემის ტიპს და იმას, თუ როდის გამოვა ასეთი პიკაპი ბაზარზე. ამასთან დასძენს, რომ დზელის ძრავებით აღჭურვილ პიკაპებს ამერიკულ ბაზარზე დამკვიდრება უჭირთ. მისი აზრით, დიზელისძრავიანი ვარიანტი ეკობუსტით აღჭურვილ ვერსიას ფასით კონკურენციას ვერ უწევს და მაგალითად „ფიატ კრაისლერის“ „რემი“ მოჰყავს, რომლის დიზელის აგრეგატიც ეკობუსტზე გაცილებით ძვირია. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ საწვავზე ახლანდელი ფასების პირობებშიც კი, ჰიბრიდული სისტემაც კი გაცილებით ნაკლები ეღირება. თუმცა, მაინც არ გამორიცხავს დიზელისძრავიანი F-150-ის გამოშვებას. სხვათა შორის, ცისფერი ოვალი ყოველწლიურად ათასობით დიზელისძრავიან მძიმე პიკაპს ჰყიდის.
ამ ეტაპზე, F-150-ის ძრავების გამაში ეკობუსტის ორი აგრეგატი შედის. მათგან ერთია 2.7-ლიტრიანი ტურბო V6, რომელიც 325 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და რომლითაც ავტომობილს ასი კილომეტრის გასავლელად 10.6 ლიტრი ბენზინი სჭირდება. მეორეა 3.5-ლიტრიანი V6, რომლის სიმძლავრეც 365 ცხენის ძალაა. გარდა ამისა, გამაში ორი ატმოსფერული აგრეგატიც შედის. მათგან ერთია 3.5-ლიტრიანი V6, რომლის სიმძლავრეც 282 ცხენის ძალაა, მეორე კი - 5.0-ლიტრიანი V8, რომელიც 385 ცხენის ძალას იძლევა. ყველა შემთხვევაში ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი მუშაობს.

No comments:

Post a Comment