Saturday, December 20, 2014

ქართული სუპერ ავტომობილი - იქნება, თუ - არა?

20 დეკემბერი
სოციალურ ქსელში ამ ფოტოების გამოქვეყნებას დიდი დაინტერესება მოჰყვა. ეს რა არის? ვინ აკეთებს? როდის იქნება? რა ერქმევა? და ასე შემდეგ - ეს ის კითხვებია, რომლებსაც გამოხმაურებებში ყველაზე ხშირად ნახავთ. ვინც იცის, რა და ვისი ქმნილებაა, ავტორს წარმატებებს უსურვებს!

მაშ ასე: ავტორი გოჩა ქსოვრელია, თვითნასწავლი დიზაინერი, ვის ხელსა და გონებასაც რამდენიმე წარმატებული ტუნინგ პროექტი აქვს შესრულებული. ამჯერად, კიდევ ერთხელ, ერთი ნაბიჯის წინ გადადგმას და სუპერ ავტომობილის შექმნას ცდილობს. ამაში მას ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმარება, რომელმაც სახელოსნო მოუწყო და საჭირო მასალებით და ინსტრუმენტებით მოამარაგა.


პროექტი სუპერ ავტომობილების ჟანრის შესაბამისადაა დაგეგმილი. ავტომობილის მზიდი სტრუქტურა ფოლადის მილებისგან შეკრული მონოკოკია, რომელიც კომპოზიციური მასალით გაძლიერდება. ძარაც კომპოზიტებით (კარბონის ან შუშის ბოჭკოს საფუძველზე) დამზადდება. შეთანწყობაც სუპერ ავტომობილის შესაფერისია - ძრავი ბაზაში, უკანა ღერძსა და სალონს შორის მოთავსდება და მამოძრავებელი ძალით უკანა ბორბლებს მოამარაგებს. ინტერიერი ორადგილიანია, „თოლიას ფრთის“ სტილის კარებით, რომლებიც წინა მხრით მაგრდება და უკანა ნაწილით ზევით იწევა.


ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4180 მილიმეტრი, სიგანე 2000 მილიმეტრი, სიმაღლე 1040 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2500 მილიმეტრია. მსუბუქი მასალების ინტენსიურად გამოყენების წყალობით, ავტომობილის წონა 900 კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოს. ის 18-დუიმიან ბორბლებზე დადგება, რომლებიც სპორტული საბურავებით შეიმოსება.






ძრავია „ალფა რომეოს“ 3.0-ლიტრიანი V6, რომელიც ტურბო კომპრესორით აღიჭურვება. მისი სიმძლავრე 400 ცხენის ძალას მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ყოველ ცხენის ძალას, მხოლოდ 2.25 კილოგრამის „თრევა“ მოუწევს, რაც კარგი მაჩვენებელია. ცნობისათვის, რამდენიმე წლის წინათ, ეს ძრავი (და მისი ვარიაციები) ბრიტანულ კომპანია „კოსუორტს“, რომელიც სარბოლო (მათ შორის, ფორმულა ერთის) ძრავების წარმოებითაა ცნობილი, იმდენად მოეწონა, რომ „ალფა რომეოსგან“ მისი საწარმოო ხაზის შესყიდვა სურდა, მაგრამ იტალიურმა კომპანიამ უარი უთხრა. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს.



პროექტის შესაბამისად, ამ ავტომობილის შეკვეთებით წარმოება იგეგმება. ფასზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, თუმცა სავარაუდოდ, ის 30 000 დოლარზე მეტი არ იქნება. ავტომობილის აწყობის შემდეგ, მას ტესტები ჩაუტარდება და დინამიკური მახასიათებლებიც მაშინ დაზუსტდება. ამჟამად პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი - ავტომობილის სკულპტურის შექმნა და მატრიცების დასამზადებლად მისი მომზადება თითქმის დასრულებულია. მაგრამ... არაა გამორიცხული, რომ პროექტი აღარ გაგრძელდეს... და ეს ძალიან სამწუხარო იქნება!

საქმე ისაა, რომ პროექტს მისი მთავარი მხარდამჭერი უნივერსიტეტი დაფინანსებას უწყვეტს. ეს მაშინ, როცა ავტომობილის შექმნის პროცესის, უხეშად რომ ვთქვათ, მესამედი დასრულებულია. არაა გამორიცხული, რომ მატრიცების აღებაც ვერ მოხერხდეს და თუ ასე მოხდა, რასაც ამ ფოტოებზე ხედავთ, განადგურდება. და ქართული სუპერ ავტომობილი ისევ ვერ დაიბადება...

No comments:

Post a Comment