Friday, December 5, 2014

„აუდი“ ელექტრული ქროსოვერის გამოშვებას აპირებს

Audi Wants Electric Crossover to Fight Tesla Model X
5 დეკემბერი
„აუდი“ რომ ელექტრომობილების წარმოებას აპირებს, უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო. გერმანული კომპანია, თავის კონცეპტუალურ ავტომობილებზე ინტენსიურად იყენებს ჯერაც შემუშავების და სრულყოფის ეტაპზე მყოფი სისტემა „e-ტრონის“ ვერსიებს. ეს სისტემა კი მალე სერიულ ავტომობილებზეც გამოჩნდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას პირველად შემდეგი თაობის A6-ის ბაზაზე შემუშავებულ ელექტრომობილზე დააყენებენ. ამ ავტომობილის ტყუპისცალს კი „პორშეც“ გამოუშვებს.
თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. უფრო მეტიც, „აუდის“ მთავარი აღმასრულებელი რუპერტ შტადლერი ამბობს, რომ მის კომპანიას ურჩევნია, პირველი ელექტრომობილი არა სედანის, არამედ სუპერ ავტომობილ R8-ზე (ვერსია e-ტრონი - მომავალ წელს გამოვა) გამოიყენოს, შემდეგ კი ქროსოვერის ჯერიც დადგება (2017 წელს). ამ ორიდან ქროსოვერი მასობრივი მოდელი იქნება, სუპერ ავტომობილის წარმოება კი, გასაგები მიზეზების გამო, შეზღუდულია.
პეკინის მოტორ შოუზე, „აუდიმ“ სწორედ ელექტრული, სისტემა „e-ტრონით“ აღჭურვილი, კუპე TT-ს ბაზაზე შემუშავებული კონცეპტუალური ქროსოვერი გვიჩვენა. მის ძალურ სისტემაში შევიდა 2.0-ლიტრიანი ტურბო TFSI, რომელთანაც წყვილში მძლავრი ელექტრო ძრავი მუშაობს. ოღონდ, ინგოლშტადტელები არ აზსტებენ, ამ ავტომობილის წარმოებას აპირებენ, თუ ელექტრულ ქროსოვერს სუფთა ფურცლიდან შეიმუშავებენ, როგორც „ბეემვემ“ თავის ქვე-ბრენდ i-ს ორი (i3 და i8) ავტომობილის შემთხვევაში გააკეთა.
აქ ერთი რამის თქმაც აუცილებელია. თუ ელექტრული ქროსოვერის გამოშვებას აპირებს, „აუდიმ“ უნდა გაითვალისწინოს, რომ მალე ამერიკული კომპანია „ტესლა“ ელექტრულ ქროსოვერ „მოდელX-ის“ წარმოებას დაიწყებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაც, სვლის დიდი სიშორე იქნება. სავარაუდდ, ეს ავტომობილი ელემენტების დიდი ბლოკით აღიჭურვება, რომლის ენერგო ტევადობაც 85 კილოვატსაათია. მისი დახმარებით, ავტომობილი ერთი სრული დამუხტვით დაახლოებით 600 კილომეტრის გავლას შეძლებს. სწორედ ესაა ინგოლშტადტელთა მთავარი ორიენტირი.

No comments:

Post a Comment