Monday, December 15, 2014

„იაგუარ ლენდ როვერის“ მორიგი სიახლე მომავლიდან

Jaguar Land Rover previews transparent pillar technology
15 დეკემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ტექნოლოგიური სიახლეების ექსპანსიას აგრძელებს. ბრიტანულმა კომპანიამ ამჯერად სისტემა „360 ვირჩუალ ურბან ვინდსქრინი“ წარმოადგინა. ამ სიახლეზე კომპანიამ პირველად მაშინ ილაპარაკა, როცა კონცეპტუალური „ლენდ როვერ დსქავერი ვიჟნი“ გაგვაცნო. ამ სისტემის დახმარებით, დახურული ძარის მქონე ავტომობილში, მის ირგვლივ არსებული გარემოს 360 გრადუსით ხედვის საშუალება იქმნება.
ტექნოლოგია სალონში დამატებითი მონიტორების გამოყენებას ითვალისწინებს. მათ შორის ორი წინა საყრდენებზეა განლაგებული და მათი გამჭვირვალობის ეფექტს ქმნის. ამაში მათ გარე კამერები ეხმარება. ამგვარად, მძღოლის ირგვლივ მთლიანად გახსნილი სივრცის ეფექტი იქმნება, რაც ავტომობილის უსაფრთხოებას აუმჯობესებს. აღარ არსებობს უხილავი ზონები და მძღოლი გარეთ არსებულ სიტუაციასაც ადვილად აღიქვამს.
როგორც „იაგუარ ლენდ როვერი“ აცხადებს, გარეთ მოძრავი ფეხმავლები, ველოსიპედსტები და სხვა ავტომობილები მუდმივად მძღოლის თვალთახედვის არეში იქნებიან და მათი უსაფრთხოებაც გაუმჯობესდება. როდესაც მძღოლი თავს მოაბრუნებს, რათა ის მიმართულება გააკონტროლოს, საითაც მოხვევას აპირებს, შესაბამის მხარეს არსებული საყრდენი გამჭვირვალე ხდება.
კიდევ ერთი სიახლეა ვირტუალური საქარე შუშა, რომელზეც უამრავი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, როგორებიც თანამედროვე ავტომობილებში მიუწვდომელია. მაგალითად, ასეთ ვირტუალურ შუშაზე გამოსახება ინფორმაცია უახლოესი გასამართი სადგურის, ან უახლოესი პარკინგის შესახებ. ამავე საქარე შუშის მთავარი თავისებურება, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალე კაპოტია - საქარე შუშაზე, კაპოტის პერიმეტრში, მანქანის ქვედა ნაწილში განლაგებული კამერების მიერ გადაღებული კადრები გამოისახება, რომლებზეც ჩანს წინა ბორბლებთან და მანქანის ქვეშ არსებული სივრცე. ასეთი ვიზუალური ინფორმაცია განსაკუთრებით სასარგებლო, ცუდ გზაზე მოძრაობის დროსაა.
კიდევ ერთი სიახლეა სანავიგაციო სისტემა, სახელად „ფოლოუ-მი გოსტ ქარ ნავიგეიშნ“. ეს სისტემა, იმავე ვირტუალურ საქარე შუშაზე, ვირტუალურ ავტომობილს გიჩვენებთ, რომელიც თქვენი ავტომობილის წინ, თქვენი ტრაექტორიით მოძრაობს. ამ ტრაექტორიას მას სანავიგაციო სისტემა კარნახობს. პრინციპი მარტივია - ამ ავტომობილს მიჰყევით და ის დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ.
როგორც „იაგუარ ლენდ როვერის“ კვლევისა და განვითარების შტოს დირექტორი ვოლფგანგ ეპლე ამბობს, გამჭვირვალე საყრდენების ტექნოლოგია განსაკუთრებით მოსახერხებელი ქალაქში გადაადგილების დროსაა: „ქალაქის ქუჩებში მოძრაობა საკმაოდ სტრესულია. მაგრამ წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა არ მოგიწევთ საგზაო ნიშნებისთვის თვალყურის დევნება და არც პარკირებისთვის ადგილის ძებნა. ეს ბევრ პრობლემას მოგიხსნით. ამ ინფორმაციას ჩვენი ვირტუალური საქარე შუშა იმ არეალში მოგაწვდით, საითაც თქვენი მზერაა მიმართული. და ეს ნაკლებად დამღლელი და უფრო უსაფრთხოც იქნება“.

No comments:

Post a Comment