Monday, November 17, 2014

„ბეემვე“ წყალბადის ფიჭურელემენტიან i5-ის გამოშვებას აპირებს

BMW plans new hydrogen-fuelled i5
17 ნოემბერი
ქვე-ბრენდ i-ს მესამე ავტომობილისთვის „ბეემვე“ ტექნოლოგიას „ტოიოტასგან“ გაიზიარებს. ლაპარაკია წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე, რომლით აღჭურვილ ელექტრომობილ „მირაისაც“ იაპონური კომპანია მალე გამოუშვებს. სავარაუდოდ, ახალ ტექნოლოგიას ბავარიელები პირველად თავიანთ მესამე i-მოდელზე გამოიყენებენ, რომელიც ბაზარზე i5-ის სახელით გამოვა.
წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილის სერიულ წარმოებას რამდენიმე გერმანული კომპანია აპირებს. მათ შორის ლიდერი „მერსედეს-ბენცია“, თუმცა „ტოიოტას“ დახმარებით, მალე ამ მიმართულებით „ბეემვეც“ მოწინავეთა შორის გამოჩნდება. ამ ეტაპზე, ასეთ ავტომობილებს უკვე აწარმოებენ „ტოიოტა“ და „ჰონდა“. აქვე უნდა ითქვას, რომ წყალბადის ფიჭური ელემენტების დანერგვის პროცესს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა აფერხებს.
აღსანიშნავია, რომ „ბეემვე“ და „ტოიოტა“ მწვანე ტექნოლოგიების გარდა, სხვა სფეროშიც თანამშრომლობენ. კერძოდ, ისინი ერთობლივად ქმნიან უკანა ამძრავიანი სპორტული ავტომობილის პლატფორმას, რომელზეც ისინი საკუთარ მოდელებს დაამყნობენ. ამგვარი თანამშრომლობით, ისინი იმ ხარჯებს ამცირებენ, რომლებიც ახალი ტექნოლოგიებისა და პლატფორმების შემუშავებისთვისაა საჭირო.
როგორც ცნობილია, „ბეემვე“ i-ქვებრენდით უკვე ორ აწარმოებს ელექტრულ მინი ჰეჩბეკ i3-ს და ჰიბრიდულ სპორტულ მოდელ i8-ს. წყალბადის ფიჭურ ელემენტებით აღჭურვილი i5-ის გამოშვების შემთხვევაში, ბავარიელთა ახალი ქვე-ბრენდის გამაში, სამი სხვადასხვა ტიპის მწვანე ტექნოლოგიით აღჭურვილი ავტომობილი მოექცევა. რაც მთავარია, „ბეემვეს“ შანსი აქვს, „მერსედეს-ბენცზე“ ადრე დაიწყოს ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილის წარმოება.
სხვათა შორის, მალე „აუდი“ ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, წყალბადზე მომუშავე A7-ს წარადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გერმანულ პრემიუმ ბრენდებს შორის ამ სფეროშიც უშეღავათო კონკურენცია მწიფდება. ამის მიზეზი კი, „ტესლას“ სუფთა ელექტრომობილების პოპულარობის მიუხედავად, ელემენტების დამუხტვისთვის საჭირო დიდი დროა. ეს ფაქტორი, სუფთა ელექტრომობილების ბაზარზე დამკვიდრების საქმეში, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ხელის შემშლელია. თანაც, დიდი ზომის ელემენტების ბლოკების გამოყენება, ავტომობილს ძლიერ ამძიმებს. ფიჭურ ელემენტებს კი ამ ბლოკების ზომის შემცირებაც შეუძლია, საწვავით გაწყობის დროის შემცირებაც და სვლის სიშორის გაზრდაც. მათი ერთადერთი ნაკლი, ტექნოლოგიის სიძვირეა, თუმცა წარმოების ზრდის კვალობაზე, ისიც გაიაფდება.

No comments:

Post a Comment