Wednesday, November 26, 2014

„რეინჯ როვერი“ ელექტრულიც გამოვა

Electric Range Rover to challenge Tesla
26 ნოემბერი
„ლენდ როვერი“ სრულიად ელექტრული მოდელის გამოშვების მიზანშეწონილებას განიხილავს. მისი გამოშვების შემთხვევაში, ავტომობილი „რეინჯ როვერის“ ბრენდით გაიყიდება და ის კონკურენციას „ტესლას“ ელექტრულ ქროსოვერს გაუწევს. ამასთან, ეს იქნება არა ახლანდელი „რეინჯ როვერის“ ელექტრული ვერსია, არამედ ქროსოვერის ტიპის დაბალპროფილიანი ავტომობილი.
„ლენდ როვერის“ დიზაინის შეფმა ჯერი მაკგოვერნმა ახლახანს განაცხადა, რომ მისი კომპანია ძალიან მდიდრული, დაბალსახურავიანი „რეინჯ როვერის“ გამოშვებას გეგმავს, რომელიც უფრო სპორტული მახასიათებლებით იქნება გამორჩეული და არც უგზოობაში შეირცხვენს თავს, რაშიც სიმაღლეში რეგულირებადი პნევმატური საკიდარი დაეხმარება. და ასეთი ავტომობილი, ბენზინისა და დიზელის ძრავების გარდა, ელექტრო ძრავითაც აღიჭურვება.
„ლენდ როვერი“ ეტალონად „ტესლას“ სედან „მოდელ S-ს“ ირჩევს, რომლის სვლის სიშორეც 430 კილომეტრს აღწევს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს თანამედროვე სუფთა ელექტრომობილებს შორის საუკეთესო შედეგია. ასეთი შედეგის მისაღწევად კი, სიმსუბუქესთან ერთად, კარგი აეროდინამიკაც აუცილებელია. შესაბამისად, დაბალი ქროსოვერის პროფილი ელექტრომობილს უფრო შეეფერება, ვიდრე ახლანდელი „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“.
ამ ავტომობილისთვის მწვანე შუქის ანთების შემთხვევაში, ის „რეინჯ როვერის“ ალუმინის მონოკოკური არქიტექტურის მოდიფიცირებულ ვერსიაზე აიგება. მოდიფიკაციის მთავარი მიზანი კი, ელემენტების ბლოკისთვის ადგილის გამოყოფაა. ავტომობილი სრულ ამძრავიანი იქნება და ორივე ხიდს „თავისი“ ელექტრო ძრავი მოემსახურება. ელექტრულ ქროსოვერზე იმავე საკიდარს გამოიყენებენ, რომლითაც მალე „იაგუარის“ პირველი ქროსოვერი - CX-17 აღიჭურვება. პნევმოსაკიდარის დახმარებით, ელექტრომობილის კლირენსი მაგისტრალზე და ქალაქში გადაადგილებისას დადაბლდება, რითაც აეროდინამიკას გააუმჯობესებს და შესაბამისად, ენერგის ხარჯი შემცირდება. ცუდ გზებზე კი კლირენსი გაიზრდება.
ელექტრული „რეინჯ როვერის“ ფასი 90 000 გირვანქა სტერლინგი, ან უფრო მეტიც იქნება. ის გარკვეულ რისკებს შეიცავს, რადგან ელექტრომობილების სეგმენტი ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. თუმცა, „ლენდ როვერის“ ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ პრემიუმ ელექტრომობილების სეგმენტში დამკვიდრებას გეგმავენ. ამის ენთუზიაზმს კი მათ იმავე „ტესლას“ წარმატებები აძლევს.

No comments:

Post a Comment