Friday, November 21, 2014

„სუზუკის“ უნგრული ქარხანა ისევ ორ ცვლაში ამუშავდება

Suzuki plant in Hungary will return to double shifts ahead of Vitara launch
21 ნოემბერი
დეკემბრიდან „სუზუკი“ თავის უნგრულ ქარხანას ისევ ორცვლიან სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანს. კომპანიის მთავარ აღმასრულებელ რიოიჩი ოურას თქმით, იაპონური კომპანია იქ უახლესი „ვიტარას“ წარმოებას დაიწყებს და სანამ მას ბაზარზე გამოიტანს, საკმარისი მარაგის შექმნას აპირებს.
უგზოობის ხუთკარიანი სუბკომპაქტური ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ახლახანს პარიზის მოტორ შოუზე გაიმართა. მის გაყიდვებს იაპონური კომპანია იანვარში დაიწყებს. უგზოობის სუბკომპაქტური ავტომობილების სეგმენტში ამჟამად გაყიდვების ბუმია და „სუზუკის“ მარკეტოლოგები უახლეს „ვიტარაზე“ სოლიდურ მოთხოვნას მოელიან.

ქარხანა, რომელზეც ლაპარაკია, უნგრეთის ჩრდილო დასავლეთში, ქალაქ ესტერგომში მდებარეობს. ის პატარა მინივენ „სპლეშს“ და უგზოობის პატარა SX4-ს უშვებდა, მაგრამ მათი წარმოება დაასრულა, რის შემდეგაც, იქ „ვიტარასთვის“ მზადება დაიწყო. მუშაობა მხოლოდ ერთმა ცვლამ გააგრძელა. ამჟამად ქარხანა კომპანიის ევროპულ ბესტ სელერს, სუბკომპაქტურ „სვიფტს“ და უახლეს „SX4 S-ქროსს“ აწარმოებს.
წლის პირველ ათ თვეში, იაპონურმა კომპანიამ ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდვები 10 პროცენტით, 140 099 ერთეულამდე გაზარდა. შესაბამისად, ძველი კონტინენტის დასავლეთ ნაწილის ბაზარზე „სუზუკის“ წილი 1.3 პროცენტამდე გაიზარდა.
„სუზუკიმ“ ახალი „ვიტარა“ სპეციალურად, ევროპული ბაზრისთვის შეიმუშავა. ამასთან, კომპანიას ჯერ მისი სხვა ბაზრებზე გატანა გადაწყვეტილი არ აქვს. საავტომობილო ბაზრის კვლევებზე ორიენტირებული კომპანია „IHS ავტომოტივი“ ვარაუდობს, რომ 2016 წელს იაპონური კომპანია ევროპაში 23 000 ცალ „ვიტარას“ გაჰყიდის, 2017 წელს კი გაყიდვები 27 000 ავტომობილს მიაღწევს.

No comments:

Post a Comment