Wednesday, November 26, 2014

ფორმულა ერთმა ორმაგ ქულებზე უარი თქვა

Formula 1 drops double points and standing restarts for 2015
26 ნოემბერი
ფორმულა ერთის გუნდებმა მოილაპარაკეს, რომ მომავალი სეზონიდან ორმაგი ქულების წესი გაუქმდება. გარდა ამისა, მათ არ მიიღეს ახალი წესი, რომელიც ტრასიდან უსაფრთხოების მანქანის გასვლის შემდეგ, ადგილიდან რესტარტს ითვალისწინებდა. ეს წესი ახალი სეზონიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუ გუნდები მის შემოღებას დათანხმდებოდნენ.
ორმაგი ქულების წესი ამ სეზონში, ბერნი ეკლსტოუნის დაჟინებული მცდელობის შემდეგ შემოიღეს. მისი მიზანი ის იყო, რომ სეზონის ბოლო რბოლამდე შენარჩუნებულიყო ინტრიგა. მაგრამ აბუ დაბის რბოლის წინ, მან თავადვე აღიარა, რომ ორმაგ ქულებს უსამართლობის პერსპექტივაც სდევს თან და აღიარა, რომ ეს წესი შესაცვლელია. ბედად, ამ წესს არც ამ სეზონის საბოლოო შედეგებზე მოუხდენია დიდი გავლენა. მისით ყველაზე მეტად სერხიო პერესმა ისარგებლა.
ადგილიდან რესტარტს კი ბედად არც ექსპერიმენტი დასცალდა. საერთოდ, რბოლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწილად, მათი სტარტია მიჩნეული და ეკლსტოუნი ფიქრობდა, რომ ამ ელემენტის გამეორება, კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. მაგრამ იმავდროულად, სტარტი რბოლის ყველაზე ექსტრემალური ნაწილიცაა და მისი მრავალჯერ გამეორება, მეტი საფრთხის შემცველია.
მართალია, გუნდებმა და ფ1-ის კომისიამ მოილაპარაკეს, რომ ამ ორ წესზე უარი თქვან, მაგრამ ამაზე ჯერ FIA-ს მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოს დასტურია მისაღები. პრინციპში, ეს მხოლოდ ფორმალობაღა იქნება, რადგან საბჭო გუნდების გადაწყვეტილების წინაღამდეგ არ წავა.

No comments:

Post a Comment