Tuesday, November 18, 2014

ჰორნერი: „რენოს“ ძრავი „მერსედესთან“ 75 ცხენის ძალას აგებს

Horner says Renault 75hp down on Mercedes
18 ნოემბერი
იტალიურ გამოცემა „აუტოსპრინტთან“ საუბრისას, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ განსხვავება „რენოს“ და „მერსედესის“ ძრავების სიმძლავრეებს შორის, 75 ცხენის ძალაა. და ძრავების სრულყოფის პროცესის „გაყინვის“ წესის გამო, არც „რენოს“ და არც მასავით ჩამორჩენილ “ფერარის“, დაწევის საშუალება არ აქვთ.
„რენო“ და „ფერარი“ „გაყინვის“ წესის შეცვლას ცდილობენ, მაგრამ გასაგები მიზეზის გამო, „მერსედესის“ დაყოლიებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ცხენის ძალების ნაკლებობას „რედ ბული“ ნაწილობრივ თავისი გენიალური ტექნიკური დირექტორის, ედრიან ნიუის დახმარებით ცდილობენ, თუმცა ამას სასურველი შედეგი ვერ მოაქვს.
„ჩვენი ძრავი „მერსედესისაზე“ 75 ცხენის ძალით სუსტია. თუ მოსახვევეის გავლის სიჩქარეს დააკვირდებით, ჩვენ ისევ საუკეთესოები ვართ. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს განკარგულებაში ის სიმძლავრე არაა, რასაც ვისურვებდით. როცა სიმძლავრეში ამდენს აგებ, მნიშვნელობა აღარ აქვს, რა ღირსებები აქვს შენს მანქანას. და რა შეგვიძლია? არაფერი“.
ჰორნერი იმ დროს იხსენებს, როცა მისი გუნდი ფ1-ში დომინირებდა. და ამბობს, რომ უსამართლობაა, როცა მდევრებს აეროდინამიკის დახვეწის საშუალება ჰქონდათ, ამჯერად კი იგივე ძრავებთან დაკავშირებით აკრძალულია. „მე იმედი მაქვს, რომ მომავალ ში „რენო“ ჩამორჩენის აღმოფხვრას შეძლებს, მაგრამ ეს იოლი არ იქნება, რადგან როდესაც ახალი ტექნოლოგიის სრულყოფის საშუალება ასეთ ადრეულ ეტაპზევე არ გაქვს, მაშინ ძალიან ძნელია ყველა პრობლემის აღმოფხვრა. არადა, ადრე პირიქით ხდებოდა. მაგალითად, გუნდების კონკურენტუნარიანობის გასათანაბრებლად, ჯერ ორმაგი დიფუზორები აკრძალეს, შემდეგ ჩასაბერი დიფუზორები, დრეკადი ელემენტები, ძრავის რუქები“, - დასძენს ჰორნერი.

No comments:

Post a Comment