Monday, October 13, 2014

„რეინჯ როვერ სპორტ SVR“ - დებიუტი პარიზში

Range Rover Sport SVR Brings Its Supercharged V8 to Paris
13 ოქტომბერი
„ლენდ როვერმა“ პარიზის მოტორ შოუზე, თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილი - „რეინჯ როვერ სპორტ SVR“ წარადგინა. ამ ავტომობილის პირველი ჩვენება ზაფხულის მიწურულს, პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე შედგა, მანამდე კი ავტომობილმა თავის კლასში ნურბურგრინგის წრის რეკორდი დაამყარა. პარიზში ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
ავტომობილის კაპოტქვეშ განლაგებულია 5.0-ლიტრიანი V8, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 550 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს ავითარებს. ეს კი ამ ძრავის სტანდარტულ მაჩვენებლებზე 40 ცხენის ძალით და 56 ნიუტონმეტრით მეტია. ძრავთან წყვილში ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი მუშაობს, ამძრავი ძალა კი ოთხივე ბორბალს გადაეცემა. ამ ტანდემის დახმარებით, ზორბა ავტომობილს, რომელიც 2 310 კილოგრამს იწონის, ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.5 წამი ჰყოფნის.
„რეინჯ როვერ სპორტ SVR-ი“  მსხვილი გაბარიტებით გამოირჩევა: მისი სიგრძეა 4 850 მილიმეტრი, სიგანე 2 073 მილიმეტრი, სიმაღლე 1 780 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2 924 მილიმეტრია. წინა ბორბლების კვალი 1690 მილიმეტრია, უკანებისა - 1685 მილიმეტრი. წინ ღერძის კლირენსი 213 მილიმეტრს აღწევს, უკანისა - 227 მილიმეტრს. ავტომობილს 850 მილიმეტრის სიღრმის წყალში გავლა შეუძლია. ის 22-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „კონტინენტალის“ მარკა „სპორტკონტაქტის“ 295/40 R22 ზომის საბურავებით არის შემოსილი.

ავტომობილი, რომელმაც ნურბურგრინგის წრე 8 წუთსა და 14 წამში გაიარა, უკვე იყიდება ბრიტანეთის ბაზარზე, სადაც 93 450 გირვანქა სტერლინგი ღირს. დანრჩენ ბაზრებზე მისი შეძენა წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment