Saturday, October 4, 2014

„ლენდ როვერ დისქავერი სპორტი“ პარიზში

New Land Rover Discovery Sport Gets Colorful in Paris
4 ოქტომბერი
„ლენდ როვერის“ უახლესი ავტომობილი, „დისქავერი სპორტი“ პარიზის მოტორ შოუზე უჩვეულო სატრანსპორტო საშუალებით - სპეციალურად მოწყობილი 80-მეტრიანი ბარჟით მიიყვანეს. გზად, ბარჟაზე მოწყობილ უგზოობის პირობებში, შემთხვევით მნახველს, თავის შესაძლებლობებს უჩვენებდა.
ბარჟაზე მოწყობილ სახელდახელო ჩვენებაზე, ავტომობილი სუპერმოდელმა როზი ჰანტინგტონ-უიტლიმ მიიღო მონაწილეობა, „პოდიუმის“ გასწვრივ კი შვიდი წყვილი რეზინის ბოტი იყო ჩამწკრივებული, რომლებიც სიმბოლურად ახალი ავტომობილის სალონში არსებულ შვიდ ადგილზე მიგვანიშნებდა.
საგამოფენო დარბაზში ახალი „დისკოს“ ორი ვერსია - ხუთ და შვიდკარიანი წარსდგა. ბრიტანული კომპანია სიამაყით გვაცნობებს, რომ „დისქავერი სპორტი“ „სათავგადასავლო სულისკვეთებით“ შეიქმნა, რაც მასზე ყოველმხრივ აისახება. სალონში მაღალი ხარისხის მასალებია გამოყენებული, მისი თითქმის ვერტიკალური ცენტრალური კონსოლი კი, რომელიც ტიპიური „ლენდ როვერის“ სტილშია შესრულებული, ავტომობილის მტკიცე ხასიათზე მიგვანიშნებს. სავარძლების ფორმულა 5+2-ს მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ დამტებითი რიგის ადგილები ზრდასრული ადამიანებისთვის არაა.
ახალი, მრავალბერკეტიანი უკანა საკიდარის წყალობით, ავტომობილის სალონის უკანა ნაწილში მეტი თავისუფალი სივრცე წარმოიქმნა. ამასთან, ასეთი საკიდარი ასფალტზე მოძრაობისას უფრო კომფორტულ სხვალას უზრუნველყოფს. რაც მთავარია, ყველგანმავლის თვისებები ოდნავაც არ შელახულა. ბრიტანული კომპანია აცხადებს, რომ ამ ავტომობილით, იმ ახალგაზრდა მყიდველის მიზიდვას აპირებს, რომლებიც ადრე არასდროს განიხილებოდნენ „დისქავერის“ მყიდველად.
ახალი ავტომობილი უხვადაა აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით, რომელთა უმეტესობაც, უსაფრთხოებას ემსახურება და ავტომობილის მართვას აადვილებს. მათ შორისაა სისტემა „ტერაინ რესპონსი“, ასევე ფეხმავლების დამცავი გარე აირბალიში და საგანგებო დამუხრუჭების ავტონომიური სისტემა. რაც მთავარია, ავტომობილის მზიდი სტრუქტურა ზემტკიცე ფოლადითა და ალუმინითაა აწყობილი, რაც სხვადასხვა ტიპის დატვირთვებისადმი მის მედეგობას ზრდის. სხვა სიახლეებს შორისაა სრულიად ახალი ინფოტაინმენტ სისტემა, თავისი 8.0-დუიმიანი სენსორული ეკრანით და შუა რიგის სავარძლები, რომლებსაც ადგილზე ბრუნვაც შეუძლია და წინ/უკან გასრიალებაც.
რაც შეეხება ძრავებს, ამ ეტაპზე, „დისქავერი სპორტის“ ძრავების გამაში მხოლოდ ერთი აგრეგატი - 2.2-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი SD4 ტურბო დიზელი შედის, რომელიც 190 ცხენის ძალას და 420 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ეს საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ავტომობილს, რომელიც 1854 კილოგრამს იწონის, სასურველი მახასიათებლები მიანიჭოს. მყიდველის სურვილის შესაბამისად, ძრავს 6-საფეხურიანი მექანკური, ან 9-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი დაუკავშირდება.
მალე გამას სერია ინჯენიუმის დიზელის უახლესი ED4 ძრავი შეავსებს, რომელსაც პირველი „იაგუარის“ უახლესი სედანი XE მიიღებს. ამ ძრავის მთავარი ღირსება ისაა, რომ საწვავის ეკონომიურ ხარჯვასთან ერთად, გარემოსაც ნაკლებად აბინძურებს - ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 119 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ამ ძრავთან ერთად, კომპანია მყიდველს წინა ამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილ ვერსიასაც შესთავაზებს, რომელიც სტანდარტულ მოდელზე 80 კილოგრამით მსუბუქიც იქნება.

„დისქავერი სპორტზე“ შეკვეთების მიღება იანვარში დაიწყება. ავტომობილს მყიდველს შესრულების ოთხი დონით - SE, SE ტექ, HSE და HSE ლაქშერი, შესთავაზებენ. ამათგან ყველაზე მდიდრული ბოლო უნდა იყოს, რომელიც „რეინჯ როვერის“ დონეზე იქნება ეკიპირებული. ჯერჯერობით გაგრძელდბა „ფრილენდრის“ გაყიდვები, რომელსაც „დისქავერი სპორტი“ ცვლის. თუმცა, მისი წარმოება მალე შეწყდება.

No comments:

Post a Comment