Saturday, October 4, 2014

„ფორდ მუსტანგი“ - პირველად ევროპაში

The 2015 Ford Mustang Officially Gallops into Europe
4 ოქტომბერი
ხუთი თაობის გამოცვლა დასჭირდა „მუსტანგს“ იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს, ამერიკის საზღვრებს გარეთ გაეშვათ. „ფორდის“ სტრატეგია „ერთი ფორდი“, უკლებლივ ყველა მოდელის, მათ შორის, „მუსტანგის“ გლობალიზაციას ითვალისწინებს. და აი, პოპულარული პონი ქარი ძველ კონტინენტს პარიზის მოტორ შოუზე ოფიციალურად წარუდგინეს.

ახალი „მუსტანგის“ დახასიათებას აზრი აღარ აქვს - რომ იტყვიან, ის ჩვენ არაერთხელ „დავღეჭეთ“. ამჯერად იმ ფრაზას გაგაცნობთ, რომლითაც „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტმა, მარკეტინგის, გაყიდვების და სერვისის შეფმა რიოლანტ დე ვაარდმა ლეგენდარული პონი ქარი ევროპელებს წარუდინა: „ახალი მუსტანგი ერთ-ერთი იმ ავტომობილთაგანია, რომელსაც საავტომობილო სამყარო ოდესმე ასე მოუთმენლად ელოდა. და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ამიერიდან, ევროპელებს რეალური რამის განცდის საშუალება მიეცემათ“.
რა თქმა უნდა, ევროპელების მოთხოვნები ავტომობილისადმი ძლიერ განსხვავებულია იმისგან, რაც ამერიკელებს აქვთ. ძველ კონტინენტზე უფრო მეტად საწვავის ეკონომიურობა და კომპაქტური გაბარიტები აინტერესებთ, რაც არასდროს ყოფილა „მუსტანგის“ შემქმნელთა ზრუნვის საგანი. და უნდა ითქვას, რომ ეს ტრადიცია მეტწილად კვლავ შენარჩუნებულია. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან მუსტანგი მუსტანგობას ვერ შეინარჩუნებდა. თუმცა, მის კონსტრუქციაში და აღჭურვილობაში ისეთი სიახლეებიცაა, რომლებიც ამ ავტომობილის გლობალიზაციასაც შეუწყობს ხელს. ასეთია მაგალითად ეკობუსტის ძრავი, რომელსაც ხმას აკუსტიკური სისტემა უძლიერებს. ძირითადად კი ავტომობილმა ის ხასიათი შეინარჩუნა, რომლის წყალობითაც, „ფორდმა“ გასულ 50 წელიწადში 9 მილიონი „მუსტანგი“ გაჰყიდა.
ამიერიდან, ამერიკული ლეგენდარული პონის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება და ამ ეტაპს, ევროპაში ფეხის მოკიდების პერიოდი შეიძლება დავარქვათ. დრო გვიჩვენებს, რამდენად მოერგება „მუსტანგი“ ძველი კონტინენტის გზებს. მისგან არავინ მოითხოვს, რომ აქაც ისეთივე ლეგენდად იქცეს, როგორიც ამერიკაშია. თუმცა თქმა არ უნდა, რომ ცისფერი ოვალი შემდეგი 9 მილიონი პონის გაყიდვას გაცილებით ნაკლებ დროს მოანდომებს. სხვა თუ არაფერი, ამერიკელებისთვის დანარჩენი მსოფლიო ხომ მარტო ევროპა არ არის...

No comments:

Post a Comment