Monday, October 27, 2014

„ლენდ როვერი“ მეორე ჩინური მოდელი „დისქავერი სპორტი“ იქნება

Land Rover will build Discovery Sport as second model in China plant
27 ოქტომბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ მისი მეორე ჩინური ავტომობილი, უახლესი საშუალო ზომის უგზოობის ავტომობილი „დისქავერი სპორტი“ გახდება, რომლის მსოფლიო პრემიერაც ახლახანს, პარიზის მოტორ შოუზე შედგა. ამის შესახებ, „ლენდ როვერის“ პროგრამების დირექტორმა მარი დიტჩმა განცხადა.
„დისქავერი სპორტი“ იმავე პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც „ლენდ როვერმა“ პირველად „რეინჯ როვერ ევოუკისთვის“ გამოიყენა. ბრიტანული კომპანია ორივეს ქალაქ ლივერპულის მახლობლად, ჰელივუდის ქარხანაში აწარმოებს. ჩინეთში, შანჰაის მახლობლად ახლახანს ამოქმედებულმა ჩანშუს ქარხანამ ჯერ „ევოუკის“ წარმოება დაიწყო, თუმცა იქ მალე „დისქავერი სპორტის“ წარმოებასაც აითვისებენ.
დიტჩი არაფერს ამბობს იმაზე, თუ როდის დაიწყება ჩინეთში „დისქავერი სპორტის“ წარმოება. ჯერჯერობით ამ ავტომობილს ცისქვეშეთში ბრიტანეთიდან შეიტანენ. იმავდროულად, ტოპ მენეჯერის ნათქვამის მიუხედავად, „ლენდ როვერს“ თავისი მეორე ჩინური მოდელის სახელი არ დაუკონკრეტებია. არაა გამორიცხული, რომ ჩანშუს ქარხანაში ჯერ „იაგუარის“ უახლეს სედან XE-ს წარმოება დაიწყოს.
ჩანშუს ქარხანა, „იაგუარ ლენდ როვერმა“ თავის ჩინელ პარტნიორ „ჩერი ავტომობილთან“ ერთად ააშენა. ეს არის კომპანიის პირველი სრულმასშტაბიანი საწარმო ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ. მისი წარმოების წლიური მოცულობა 130 000 ავტომობილია. ამასთან, ის ძრავების მწარმოებელ ხაზსაც მოიცავს, რომელიც 2015 წელს ამოქმედდება.
ჩინურ ბაზარზე „იაგუარ ლენდ როვერის“ გაყიდვები ძალიან მაღალი ტემპით იზრდება. ბრიტანულმა კომპანიამ იქ წლის პირველ ნახევარში 62 479 ავტომობილი გაჰყიდა. ეს კი ნშნვს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ავტომობილებიდან, ყოველი მეოთხე სწორედ ჩინეთშია რეალიზებული. ცნობისათვის, „იაგუარ ლენდ როვერმა“ შარშან იქ 95 237 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 30 პროცენტით მეტია.
„ლენდ როვერი“ ევროპაში „დისქავერი სპორტის“ გაყიდვებს მომავალი წლის დასაწყისში შეუდგება. საქართველოში მას კომპანია „GT მოტორსი“ გაზაფხულზე შემოიტანს.

No comments:

Post a Comment