Sunday, October 5, 2014

ალონსოს „მერსედესში“ გადასვლა სურს

Where will Alonso go?
5 ოქტომბერი
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფერნენდო ალონსო მალე „ფერარის“ დატოვებს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამ თემაზე საუბარს ჯერჯერობით ღიმილით არიდებს თავს, იმ ღიმილით, რომელიც თანხმობას უფრო ნიშნავს. მოკლედ, ალონსო მიდის. მაგრამ სად? ახლა მთავარი ამ კითხვაზე გარკვეული პასუხის მიღებაა, რაც თურმე არც ისე ადვილია.
ერთი შეხედვით, თითქოს სამარჩიელო რა უნდა იყოს - „მაკლარენი“ არ მალავს, რომ ალონსოს და სებასტიან ფეტელის გადაბირება სურდა. ფეტელმა „ფერარიში“ გადასვლა არჩია - სისხლისფერი შარმი ყველაზე მიმზიდველია, მითუმეტეს მაშინ, თუ მას არნახული ხელფასი აძლიერებს. დარჩა ალონსო, ვისთვისაც „მაკლარენი“ საუკეთესო გამოსავალი უნდა იყოს, რადგან „რედ ბულმა“ უკვე გამოაცხადა, რომ ფეტელის ადგილზე რუსი დანილ კვიატი აჰყავს.
„მაკლარენი“ მალე ახალ ცხოვრებას დაიწყებს, რაც პარტნიორად „ჰონდას“ დაბრუნებას მოჰყვება. იაპონურ კომპანიას დიდი ამბიციები აქვს. მისი ჩართულობა მხოლოდ ძრავების მიწოდებით არ შემოიფარგლება. ის პილოტების ხელფასის ნახევრის ანაზღაურებასაც იღებს თავის თავზე და გუნდს სპონსორობასაც გაუწევს. სულ სეზონში ამ ყველაფრისთვის 100 მილიონ ევროს გაიღებს. ოღონდ სანაცვლოდ ალონსოს და ფეტელის, ან ამ ორიდან ერთ-ერთის მიწვევა სურს. მოკლედ, „ჰონდას“ უნდა, რომ დაბრუნებისთანავე, მისი ძრავებით ჩემპიონებმა, ან ჩემპიონმა იასპარეზოს.
„მაკლარენში“ უკვე არის ერთი ჩემპიონი - ჯენსონ ბატონი, მაგრამ ის ახლანდელ ფ1-ში ყველაზე ხნიერი პილოტია და ბუნებრივია, ასეთთან ხანგრძლივი ურთიერთობა „ჰონდას“ არ აწყობს. იაპონურ კომპანიას ისეთი პილოტის (ჩემპიონის) მიწვევა სურს, რომელიც გუნდში მინიმუმ სამ სეზონს მაინც გაატარებს. ასეთი კი აჟამად ალონსოღა შემორჩა.
ალონსოსაც ყველაზე უკეთეს ვარიანტად თითქოს „მაკლარენი“ შემორჩა, მაგრამ როგორც ირკვევა, სხვა, კიდევ უფრო უკეთეს გაგრძელებაზე ზრუნავს. ამ სხვისი სახელი, არც მეტი, არც ნაკლები, „მერსედესია“. ეჭვიც ნურავის შეეპარება, რომ თუ სამქიმიანებთან შანსი არ ექნებოდა, ალონსო სუზუკას რბოლამდევე დათანხმდებოდა „მაკლარენს“. მაგრამ ასე არ მოხდა. ის რაღაცას ელის.
მეორე მხრივ, „მერსედესსაც“ ვაკანსია თითქოს არ აქვს - ლუის ჰამილტონიც და ნიკო როსბერგიც თანაბრად იბრძვიან ტიტულისთვის. ქულა ქულაში მიდის. თუმცა აქ ერთი რამ მაინც უნდა გავიხსენოთ - სპაზე ინციდენტის შემდეგ, გერმანულმა გუნდმა როსბერგი დატუქსა და რამდენიც უნდა უარყოს, მონცაზე მას ჰამილტონისთვის გამარჯვების დათმობა აიძულა. და თითქოს, იმ ინციდენტის შემდეგ, გუნდმა ჰამილტონის მხარე დაიჭირა. თუ ასეა, არავის გაუკვირდეს, თუკი მალე ალონსოს სამქიმიანებთან ვიხილავთ.
ნიკი ლაუდამ უარყო „მერსედსში“ ალონსოს გადასვლის შესაძლებლობა, მაგრამ გუნდის შეფი ტოტო ვოლფი გარკვეულ პასუხს არ იძლევა. მისი არგუმენტი მარტივია. ჩვენ გვინდა, რომ გუნდში ორი საუკეთესო პილოტი გვყავდეს, რომლებიც ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროში იმუშავებენო. ამასთან დასძენს, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც, პადოკში სხვასთან ურთიერთობის დამყარებაზე უნდა იზრუნოს. ვოლფი ამბობს, რომ ცხოვრებაში ასი პროცენტით გარანტირებული არაფერია, თუმცა ამჟამად 99.99 პროცენტით დარწმუნებულია იმაში, რომ ორივე პილოტს დაიტოვებს.
მოკლედ, ალონსოს ალბათ მალე „მაკლარენში“ ვიხილავთ...

No comments:

Post a Comment