Tuesday, October 7, 2014

„რეინჯ როვერის“ ოჯახი მეოთხე მოდელით შეივსება

Range Rover family to get a new “distinct” fourth model
7 ოქტომბერი
პარიზის მოტორ შოუზე, გამოცემა „ქარ ედვაისთან“ საუბრისას, „ლენდ როვერის“ დიზაინის დირექტორმა ჯერი მაკგოვერნმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანია, „რეინჯ როვერის“ ქვე ბრენდის გამის მეოთხე მოდელით შევსებას აპირებს. თანაც, ეს იქნება პირველი სამი მოდელისგან (რეინჯ როვერი, რეინჯ როვერ სპორტი და ევოუკი) სრულიად განსხვავებული ავტომობილი. მანვე ისიც განაცხადა, რომ სამივე ქვე ბრენდის გამაში ოთხი ავტომობილი შევა.
შეგახსენებთ, რომ „ლენდ როვერის“ გლობალური განვითარების სტრატეგია, სამი სრულფასოვანი ქვე ბრენდის ჩამოყალიბებას აპირებს. ესენია „რეინჯ როვერი“, „დისქავერი“ და „დიფენდერი“. ამათგან ამ ეტაპზე, პირველი, ყველაზე მდიდრული „რეინჯი“ უკვე სამ მოდელს მოიცავს, „დისქავერის“ ოჯახის პირველი წევრი - „დისქავერი სპორტი“ ბრიტანულმა კომპანიამ პირველად პარიზის შოუზე წარადგინა. „დიფენდერი“ კი ჯერჯერობით ახალი მოდელის გარეშეა, თუმცა მალე მისი პირველი ავტომობილიც გამოჩნდება.
„ეს სრულიად განსხვავებული ავტომობილი იქნება და არა რომელიმე მოდელის დერივატივი. ეს იქნება ძალიან სასურველი რამ, რასაც ყველა ინატრებს, ოღონდ არა ის, რასაც შეიძლება ელოდოთ“, - გამოცანა ჩამოაყალიბა მაკგოვერნმა და ახალი ავტომობილის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გავრცელება აღარ ისურვა. თუმცა იმას კი გაუსვა ხაზი, რომ ეს ავტომობილი არ იქნება შვიდადგილიანი, რადგან ამ შემთხვევაში, მისი ექსკლუზიურობა დაიკარგება.
„ჩვენი სტრატეგიის შესაბამისად, „რეინჯ როვერის“ ავტომობილების დამახასიათებელი ექსკლუზიურობაა, „დისქავერის“ თვისება ჩართულობაა. შვიდი სავარძელი სწორედ საოჯახო „დისქავერის“ განხრაა. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ჩვენ შვიდადგილიანი ავტომობილების კომპანია გავხდებით. „რეინჯ როვერებს“ მეტი ექსკლუზიურობა სჭირდება“, - ამბობს მაკგოვერნი.
მანვე უარყო გავრცელებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ „რეინჯ როვერის“ მარკით, შესაძლოა მალე კუპეს სტულის უგზოობის ავტომობილი გამოვიდეს, რომელიც კონკურენციას „ბეემვეს“ X4-ს, ან X6-ს გაუწევს. „ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ იმას თუ რას აკეთებენ ისინი“, - ამბობს გერმანელ კონკურენტებზე.
პარიზის მოტორ შოუზე, „ლენდ როვერმა“ უახლესი „დისქავერი სპორტი“ (ფოტოზე) და „ევოუკ SW1“ წარადგინა. ეს უკანასკნელი მსოფლიოში პირველი ავტომობილია, რომლის მყიდველსაც ლაზერულ პროექტორს შესთავაზებენ.

No comments:

Post a Comment