Saturday, October 4, 2014

„ფორდ ეჯის“ ევროპული დებიუტი

New Ford Edge Debuts in Paris with a Pair of Diesel Engines
4 ოქტომბერი
კიდევ ერთი ავტომობილი, რომელსაც „ფორდი“ ევროპაში პირველად შეიტანს, საშუალო ზომის უგზოობის „ეჯია“, რომლის მეორე თაობის ევროპული პრემიერაც ახლახანს პარიზის მოტორ შოუზე შედგა. ეს ავტომობილი ამერიკაში პირველად 2006 წელს გამოჩნდა, თუმცა, მხოლოდ ამერიკული ბაზრისთვის. ახლა კი, ცისფერი ოვალის „ერთი ფორდის“ პოლიტიკის შესაბამისად, კომპანიის ყველა მოდელი გლობალური ხდება და ეს ტენდენცია „ეჯსაც“ შეეხო.
ოღონდ, ევროპულ ბაზარზე მეორე თაობის „ეჯი“, რომელმაც კონკურენცია „ბეემვე X3-ს“, „აუდი Q5-ს“ და „ნისან მურანოს“ უნდა გაუწიოს, მხოლოდ ორი დიზელის ძრავით გაიყიდება. ესენია სერია დურატორქის 2.0-ლიტრიანი აგრეგატები, რომელთაგან ერთის სიმძლავრე 180 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 400 ნიუტონმეტრია, მეორისა კი - 210 ცხენის ძალა და 450 ნიუტონმეტრი.
პირველ შემთხვევაში, ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი უკავშირდება და ავტომობილი ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში 149 გრამ CO2-ს გამოჰყოფს, მეორე შემთხვევაში კი ტრანსმისია ასევე 6-საფეხურიანი, ოღონდ ავტომატურია და ის საჭის რგოლზე მოთავსებული ბერკეტებით იმართება. ამ შემთხვევაში ნახშირორჟანგის შემცველობა 159 გრამია.
ახალი „ფორდ ეჯი“ იმავე პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც ამერიკული კომპანია უახლეს „S-მაქსზე“ და „მონდეოზე“ იყენებს. ხუთადგილიან „ეჯს“ მწარმოებელი მყიდველს მაღალი კლასის უგზოობის ავტომობილად სთავაზობს და მას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ცისფერი ოვალის ევროპული სამოდელო გამის ფლაგმანი. :კუგასა“ და „ეკოსპორტის“ შემდეგ, ის მესამე უგზოობის ავტომობილია, რომელსაც „ფორდი“ თავის ევროპელ მყიდველს სთავაზობს.
როგორც „ფორდის“ ევროპული შტოს მარკეტინგის შეფი რიოლანტ დე ვაარდი ამბობს, „ეჯის“ სალონი უფრო ფართო და შესაბამისად კომფორტულია, ვიდრე მასზე გაცილებით ძვირი, საშუალო ზომის უგზოობის ავტომობილები. ამასთან, ეკიპირებითაც პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების დონეზე დგას. მის ეკიპირებაში შედის ადაპტირებადი საჭე, რომელიც მახასიათებლებს მართვის პირობების შესაბამისად ცვლის და შესაბამისად, იცვლება მობრუნებაზე საჭის საპასუხო რეაქცია და ძალა. ეკიპირებაში ასევე შევიდა ხმაურის ჩამხშობი აქტიური სისტემა, რომელიც სალონში განლაგებულ სამ სპიკერს იყენებს. ესენი კი ძრავის და გარე ხმაურის გაძლიერების შესაბამისად, საპირისპირო ხმოვან ტალღებს გამოსცემენ და გარე ხმაურს ამგვარად ახშობენ.
ასევე ეკიპირებაში შევიდა წინა გაყოფილი კამერების სისტემა, რომელიც ავტომობილის წინ არსებული სივრცის 180-გრადუსიან გამოსახულებას იძლევა. ის მოსახერხებელია ვიწრო პარკინგის პირობებში და მაშინ, როცა მძღოლს გარკვეული არეალის დანახვა არ შეუძლია. სხვა სისტემებიდან აღსანიშნავია ქალაქში ავტომატური დამუხრუჭების სისტემა და უკანა სავარძლების გასაბერი ღვედები, რომლებიც ტრავმისგან მგზავრების მკერდის არეს იცავს.

No comments:

Post a Comment