Motor racing-Vettel to leave Red Bull, set for
Ferrari - Horner
4 ოქტომბერი
მარცხნიდან: ჰორნერი, მარკო და ფეტელი |
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ამ
სეზნს ბოლოს „რედ ბულს“ დატოვებს - ეს ინფორმაცია „რედ ბულმა“ იაპონიის დიდი
პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის დაწყებამდე გამოაცხადა. ავსტრიული გუნდი ასევე
გვატყობინებს, რომ გერმანელის ადგილს რუსი დანილ კვიატი დაიკავებს. იმავდროულად, „რედ
ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ფეტელი თავის კარიერას „ფერარიში“
გააგრძელებს.
ამგვარად, დასასრულს უახლოვდება მითქმა-მოთქმა,
რომელიც „ფერარიდან“ ფერნანდო ალონსოს წასვლას უკავშირდება. დასასრულს უახლოვდბა
იმიტომ, რომ ესპანელს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რას აპირებს მომავალ სეზონში.
დიდი ალბათობით, ის „მაკლარენს“ დაუბრუნდება, რომელიც მომავალი სეზონიდან „ჰონდას“
ძრავებით იასპარეზებს. „ფერარისთან“ მისი კონტრაქტი მომავალ სეზონზეც ვრცელდება,
თუმცა ის შეიცავს პირობას, რომ ალონსოს გუნდის დატოვების უფლება ეძლევა, თუ ზაფხულის
არდადეგების წინ, ის ლიდერისგან 25 ქულაზე მეტით უკან იქნება.
„სებასტიან ფეტელმა შეგვატყობინა, რომ ამ სეზონის
ბოლოს „რედ ბულს“ დატოვებს. გვინდა, სებასტიანს გულითადი მადლობა გადავუხადოთ იმ
განსაკუთრებული როლისთვის, რომელიც მან „რედ ბულში“ ბოლო ექვსი სეზონის
განმავლობაში შეასრულა. ასევე მას კარიერის შემდგომ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებთ.
ჩენ კი მომავალს მოუთმენლად ველით, რადგან წარმოქმნილ ვაკანსიას „რედ ბულის“ ახალი
თაობის მრბოლი დაიკავებს“, - ნათქვამია „რედ ბულის“ განცხადებაში.
„სკაი სპორტსთან“ საუბრისას ჰორნერმა განაცხადა,
რომ თავისი გადაწყვეტილება ფეტელმა პარასკევს ამცნო. „მან ამის შესახებ პარასკევს
საღამოს გვითხრა და ამის გასაგები მიზეზიც აქვს. არ მგონია, ეს მისთვის იოლი
გადაწყვეტილება ყოფილიყო. ჩვენთან საუბრისას ის ძალიან აღელვებული იყო. მაგრამ თუ
მას სურს, რომ სადმე სხვაგან იყოს, ჩვენ მართლები არ ვიქნებით, თუ ამაში ხელს
შევუშლით. პირველი იანვრიდან ის ოფიციალურად გახდება „ფერარის“ მრბოლი“, - ამბობს ჰორნერი.
მიმდინარე
სეზონში ფეტელს ერთი გამარჯვებაც არ აქვს და მუდმივად იმყოფება თავის თანაგუნდელ
დანიელ რიკარდოს ჩრდილში. გაწბილების მორიგი დოზა მან მესამე პრაქტიკის მიწურულს
მიიღო, როცა ძრავის პრობლემების გამო, სესია ადრე დაასრულა. რაც შეეხება კვიატს,
ის ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტია, ვინც ქულის მოპოვება შეძლო. ეს
სეზონის პირველივე ეტაპზე, მელბურნში მოხდა.
No comments:
Post a Comment