Saturday, October 4, 2014

ნიკო როსბერგი სუზუკას პოულზე

Motor racing-Rosberg on pole for Japanese Grand Prix
4 ოქტომბერი
„მერსედესის“ პილოტების გამარჯვებებს მივეჩვიეთ და რა თქმა უნდა, დღის მთავარი მოვლენა, „რედ ბულიდან“ სებასტიან ფეტელის წასვლა გახდა. გერმანელს ჯერ ოფიციალურად არ უთქვამს, მაგრამ უკვე ისიც ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან მას „ფერარის“ ფორმაში გამოწყობილს ვნახავთ. რაც შეეხება კვალიფიკაციას, ამჯერად პოულზე ნიკო როსბერგია, ლუის ჰამილტონი კი მეორე ადგილს დასჯერდა. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი - დიდი ალბათობით, რბოლა წვიმის აკომპანიმენტით დაიწყება და შესაძლოა, პელოტონს სტარტზევე უსაფრთხოების მანქანა გაუძღვეს.
როსბერგმა ბელგიის შემდეგ პირველი პოული მოიპოვა. ორი კვირის წინ, სინგაპურის დიდი პრიზის რბოლისას, როსბერგმა ასპარეზობა ტექნიკური პრობლემის გამო შეწყვიტა და საბოლოოდ, ჩემპიონატის ლიდერის პოზიცია თანაგუნდელს დაუთმო. „სინგაპურზე აღარ ვფიქრობ. დღეს მანქანამ შესანიშნავად იმუშავა. ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია მიზნისკენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა როსბერგმა.
ჰამილტონმა მესამე პრაქტიკაზე მანქანა დაამტვრია
ჰამილტონმა თავის ბოლო სწრაფ წრეზე, ერთ-ერთ მოსახვევში შეცდომა დაუშვა და როსბერგს საბოლოოდ 0.197 წამით ჩამორჩა. თუმცა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩემს დროზე მუხრუჭების მყისიერ დაბლოკვას გავლნა არ მოუხდენიაო. „რაც შემეძლო ვიღონე, მაგრამ ნიკო ძალიან სწრაფი იყო“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც მესამე პრაქტიკაზე ავარია მოუვიდა და მანქანა დაემტვრა. შესაძლოა, სიჩქარეში გუნდმა სწორედ მანქანის სათანადოდ გამართვა ვერ მოასწრო.
უკვე ზედიზედ მერვე რბოლაა, „მერსედესის“ პილოტები სტარტზე მოწინავე რიგს დაიკავებენ. გერმანულ გუნდს იაპონიაშივე შეუძლია კონსტრუქტორთა თასის დაუფლება. ამისათვის კი დარჩენილ ხუთ რბოლაში (იაპონიის ჩათვლით) 41 ქულაც ეყოფა.
დანარჩენებში ყველაზე სწრაფი ვალტერი ბოტასია, რომელიც როსბერგს 0.622 წამით ჩამორჩა. ფინელმა პილოტმა 0.399 წამით აჯობა თავის ბრაზილიელ თანაგუნდელ ფელიპე მასას. მხოლოდ მეცხრე დრო აქვს ფეტელს, ვისაც ისევ აჯობა დანიელ რიკარდომ. ალონსო, ვისაც ფეტელი „ფერარიში“ შეცვლის, მეხუთეა.
რაც შეეხება ამინდს, იაპონიის ნაპირებს ძლიერი ტაიფუნი ფანფონი უახლოვდება და მის ძალას კუნძულებზე სწორედ კვირიდან იგრძნობენ. არადა, კვალიფიკაციის დროს, ცას მისი კვალიც კი არ ეტყობოდა...

იაპონიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:32.506
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:32.703
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:33.128
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:33.527
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:33.740
6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:34.075
7. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:34.242
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:34.317
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:34.432
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:34.548
- - - - - - - - - -
11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:34.984
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:35.089
13. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:35.092
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:35.099
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:35.364
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:35.681
- - - - - - - - - -
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:35.917
18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:35.984
19. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:36.813
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:36.943
21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:37.015

22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:37.481

No comments:

Post a Comment