Wednesday, October 1, 2014

„ლოტუსმა“ ახალი „ესპრიტის“ გამოშვება გადაიფიქრა

New Lotus Esprit Is Dead
1 ოქტომბერი
პარიზის 2010 წლის მოტორ შოუზე, „ლოტუსმა“ ერთბაშად ექვსი (!) კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა, რომელთა შორისაც, ფლაგმანად ჩაფიქრებული „ესპრიტიც“ იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანული კომპანია მუდმივად ფინანსური რესურსის ნაკლებობას განიცდის, ბევრმა „ლოტუსი“ კონცეპტების არნახული მოზღვავების გამო გააკრიტიკა და მაშინვე გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონცეპტების უმეტესობას სერიული წარმოება არ ეწერა.
მას შემდეგ სიტუაცია პრაქტიკულად არ შეცვლილა. უფრო მეტიც, კომპანიას ახალი მთავარი აღმასრულებელი ჰყავს ჟან-მარკ გალესის სახით, რომელიც გაცილებით რაციონალური გეგმის შემუშავებას აპირებს. პირველ რიგში, ეს ხარჯების შემცირებას ეხება. ის პირობას დებს, რომ კომპანია ახალ ავტომობილებსაც გამოუშვებს. ისინი ალუმინის სივრცულ სტრუქტურაზე აიგება, რომელიც საფუძვლად ახლანდელ „ელიზს“, „ექსიჯს“ და „ევორას“ უდევს.
სამწუხაროდ, გალესმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სუპერ ავტომობილ „ესპრიტის“ გამოშვება არ იგეგმება. სხვათა შორის, ეს იმ ექვსეულიდან ერთადერთი ავტომობილია, რომელიც გალესის წინამორბედ დანი ბაჰარის ხელმძღვანელობით შეიქმნა. გარდა ამისა, გალესი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მისი კომპანია საკუთარ ძრავებს არ შეიმუშავებს. ასეთ ძრავებს შორის უნდა ყოფილიყო V8, რომლითაც სწორედ „ესპრიტი“ უნდა აღჭურვილიყო. მოკლედ, „ლოტუსი“ ისევ „ტოიოტას“ ძრავების გამოყენებას გააგრძელებს.
„ესპრიტზე“ უარის თქმის პარალელურად, გალესის „ლოტუსი“ ისეთი ავტომობილების გამოშვებას აპირებს, რომლებმაც კომპანიას მოგება და ფინანსური სიმყარე უნდა მოუტანოს. ასეთებად კი გალესს სედანი და უგზოობის მოდელი ესახება. გალესი პირობას დებს, რომ რა ტიპისაც უნდა იყოს ახალი ავტომობილები, „ლოტუსი“ ყველა მათგანის შემთხვევაში დაიცავს იმ ძირითად პრინციპს, რომელიც თავის კომპანიას ჯერ კიდევ მისმა დამაარსებელმა, ლეგენდარულმა კოლინ ჩეპმენმა დაუსახა. ესაა სიმსუბუქის ხარჯზე მიღწეული სიმარდე. „ლოტუსმა“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამ პრინციპის წყალობით, სუპერ ავტომობილებსაც კი შეიძლება გაუწიო კონკურენცია...

No comments:

Post a Comment