Wednesday, October 29, 2014

კოლექცია 36 „კორვეტით“ აუქციონზე გაიყიდება

Peter Max’ 36-Corvette Collection Finally Saved, Heading to Auction
29 ოქტომბერი
არსებობს კოლექცია, რომელშიც 36 ცალი „შევროლე კორვეტია“ გაერთიანებული. კოლექცია, ამ ავტომობილის წაროების დაწყებიდან, 1989 წლამდე პერიოდში გამოშვებულ, ყოველი სამოდელო წლის ავტომობილს აერთიანებს. ის ნებისმიერი კოლექციონერისთვის სასურველი შენაძენი გახდებოდა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში, მტვერი ჭამს. თუმცა, მალე ამ მტვერს მოაცილებენ!
ეს კოლექცია საკაბელო მუსიკალურმა არხმა VH1-მა თავის კონკურსში პრიზად 1989 წელს გაათამაშა. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი სატელეფონო ზარი 2 დოლარი ღირდა და სულ მილიონმა ადამიანმა დარეკა. გამარჯვება ვინმე დენის ამოდეომ მოიპოვა, ლონგ აილენდელმა დურგალმა, ვინც მალევე თავისი პრიზი - „კორვეტების“ კოლექცია, პოპ მხატვრობის წარმოშობით გერმანელ ვარსკვლავ პეტერ მაქსს მიჰყიდა.
მაქსმა თავისი შენაძენის გამოყენება საკუთარ ხელოვნებაში მოინდომა - ავტომობილების მოხატვა სურდა, მაგრამ სხვა, შემოსავლიანი პროექტებით იმდენად დაკავებული იყო, რომ ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. გარდა ამისა, საგადასახადო კანონების დარღვევაშიც ამხილეს... მოკლედ, ვერ მოიცალა და თავის პროექტზეც უარი თქვა. მანქანები კი გარაჟში დატოვა. ისინი მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, როცა ერთი ადგილიდან მეორეში გადაჰქონდა. მოვლაზე და ამ მანქანებით გადაადგილებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. დრომ და მტვერმა მანქანები დააზიანა. არადა, მათ შორის რამდენიმე იშვიათი „კორვეტიცაა“...
მაგრამ როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ იუწყება, მალე ამ „კორვეტებსაც“ ეშველება. ვინმე პიტერ ჰელერმა და მისმა ოჯახმა, კოლექცია გამოისყიდა და მათს რესტავრაციას გეგმავს, რის შემდეგაც აუქციონზე გაიტანს. ეს კი კოლექციონერებს აუცილებლად დააინტერესებს, რადგან ავტომობილებს შორისაა ისეთი იშვიათი ექსპონატები, როგორებიცაა 1953 წელს გამოშვებული მოდელი, რიგითი ნომრით 291 (სულ 300 დამზადდა) და 1955 წლის მოდელი, რომელიც სულ 700 ცალი დამზადდა.

No comments:

Post a Comment