Tuesday, September 9, 2014

მეოთხე თაობის „მაზდა MX-5“

This is the All-New 2016 Mazda MX-5
8 სექტემბერი
მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც „მაზდამ“ პატარა როდსტერი MX-5 (იგივე მიატა) გამოუშვა და მყიდველს უკვე მისი მეოთხე თაობა შესთავაზა. ახალი ავტომობილი, წინამორბედებისგან მკვეთრად განსხვავებულია და უფრო აგრესიული შესახედაობა აქვს, თუმცა უფრო ელეგანტურადაც გამოიყურება. ამასთან, წინამორბედზე 100 კილოგრამით მსუბუქია და წინ სამივე თაობის მოდელზე დაბლა განლაგებული სიმძიმის ცენტრიც აქვს.
ახალი MX-5 წინამორბედზე 105 მილიმეტრით მოკლე, 10 მილიმეტრით განიერი და 20 მილიმეტრით დაბალია. ამასთან, ბაზაც 15 მილიმეტრით მოკლე აქვს. მისი გაბარიტებია: სიგრძე 3915 მილიმეტრი, სიგანე 1730 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1235 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2315 მილიმეტრია.
ახალი როდსტერის შესახებ „მაზდას“ დაწვრილებითი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია, რადგან მათ პარიზის მოტორ შოუზე დებიუტისთვის ინახავს. თუმცა იაპონურმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ავტომობილი აღჭურვილია სპეციალურად მოდფიცირებული „სკაიექტივ-G“ სერიის ბენზინის ძრავებით და „სკაიექტივ-შასის“ პირველი უკანა ამძრავიანი ვერსიით. სავარაუდდ, ახალი MX-5 აღჭურვილია ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ძრავით და შესაძოა, 1.5-ლიტრიანი ძრავითაც. აგრეგატებთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი იმუშავებს, თუმცა მყიდველს ასევე 6-საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიასაც შესთავაზებენ.
ახალი ავტომობილის გარეგნობა, „მაზდას“ დიზაინის ფილოსოფია „კოდოს“ შესაბამისადაა შემუშავებული. მას წინამორბედზე მეტად კუთხოვანი ფორმები გამოარჩევს, რომელთა ურთიერთშეხამებაც ანიჭებს კიდეც ელეგანტურობას. მას დაბლა დაწეული ცხვირი გამოარჩევს, რითაც შესაძლოა, კრის ბენგლის დროინდელი „ბეემვე Z4“ მოგაგონოთ. ავტომობილს აქვს რბილი დასაკეცი სახურავი. კომპანიას არაფერი უთქვამს იმაზე, აპირებს თუ არა მყარი დასაკეცი სახურავის შეთავაზებას.
რაც შეეხება ინტერიერს, აქ კორპორატიული სტილის გავლენა უფრო მეტად იგრძნობა. ბევრი რამ, კომპანიის სხვა ავტომობილებისგანაა გამოყენებული. მათ შორის, მაჩვენებლების დაფის გვერდზე მოთავსებული, ტაბლეტის სტილის ინფოტაინმენტის ეკრანი. პრეზენტაციაზე წარდგენილი ავტომობილის სალონი ტყავითაა გაწყობილი.

No comments:

Post a Comment