Tuesday, September 2, 2014

„ზენოს ქარზი“ უფრო მძლავრ E10 S-ს გამოუშვებს

Zenos Cars reveals more powerful E10 S for 2015
2 სექტემბერი
„ზენოს ქარზი“ ახალი ბრიტანული კომპანიაა. ის „კატერჰემის“ ყოფილმა მთავარმა აღმასრულებლებმა, ანსარ ალიმ და მარკ ედვარდსმა შარშან ჩამოაყალიბეს. და სწრაფადვე გამოუშვეს პირველი სპორტული მოდელი - E10. და აი, მყიდველს უკვე კომპანიის პირმშოს პირველ მოდიფიკაციასაც სთავაზობენ. ესაა E10 S, რომელიც უფრო მძლავრი და ეფექტური ძრავით აღიჭურვა.
„ზენოს E10“ „ფორდის“ 2.0-ლიტრიანი ატმოსფერული GDI ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 197 ცხენის ძალით უზრუნველყოფს. E10 S-ზე კი ამ ძრავის ადგილი, ასევე „ფორდის“ წარმოების, სერია ეკობუსტის 2.0-ლიტრიანმა GDTI-მ შეცვალა, რომლის სიმძლავრეც 250 ცხენის ძალაა. სტანდარტულ ეკიპირებაში, ძრავს 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უწყვილდება, თუმცა მყიდველს სხვა ვარიანტებსაც სთავაზობენ.
„ზენოს ქარზის“ ინფორმაციით, E10 S-ს ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 217 კმ/სთ-ია. ამასთან, ბრიტანული კომპანია ამ ავტომობილს ამზადებს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა საჭით. გარეგნულად კი ეს მოდიფიკაცია E10-სგან პრაქტიკულად არ განსხვავდება. ამასთან, მასზე უკვე აღებულია საგზაო გამოყენების სერტიფიკატი.
E10-ის მსგავსად, მისი უფრო მძლავრი ვერსიაც ალუმინის ფურცლების და კარბონის კომპოზიტისგან არის დამზადებული. ის სივრცული მონკოკური, ძალიან მსუბუქი სტრუქტურაა, რომელიც გრეხვაზე დიდი მედეგობითაც გამოირჩევა. სატრეკო ვერსია 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფით, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალით, „ზენოსის“ მიერ შემუშავებული კაბრონის სავარძლებით, ოთხწერტილოვანი ღვედებით, რეგულირებადი ამორტიზატორებით, სწრაფად მოხსნადი საჭის რგოლით და განსხვავებული ბორბლებით არის აღჭურვილი.
ანსარ ალი ამბობს, რომ E10-ის მყიდველს, რომლებსაც დეპოზიტი უკვე გადახდილი აქვს, მაგრამ ავტომობილი ჯერ არ მუღია, ავტომობილის E10 S-ად სრულყოფას შესთავაზებენ. სხვათა შორის, ორივე ავტომობილის წარმოებას ბრიტანული კომპანია იანვარში დაიწყებს, მიწოდება კი მარტში დაიწყება.
ამ ავტომობილების გარდა, „ზენოს ქარზი“ ასევე როდსტერ E11-ის და კუპე E12-ის გამოშვებასაც აპირებს.

No comments:

Post a Comment